„ხომ შეიძლებოდა, ეყვირა... სულ ის ფიქრები მაწვალებს, რამდენი ხანი იცოცხლა დედაჩემმა...“ - მარიკუნა მიქატაძე

გია ფერაძე

5 მაისს წმინდა ირინეს ხსენების დღე იყო. სწორედ ამ დღეს, მსახიობმა ნანა ლორთქიფანიძემ ტრაგიკულად გარდაცვლილი ცნობილი მსახიობის, გია ფერაძის მეუღლე, ირინა მიქატაძე გაიხსენა. 

„ჩემი ირინე... მოუშუშებელი. ირინობას ვულოცავ, ჩემს ლამაზ გოგოს.“ - დაწერა მსახიობმა.

„პრაიმტაიმი“ გთავაზობთ ვრცელი ინტერვიუდან ფრაგმენტს, რომელიც წლების წინ გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის შვილთან, მარიკუნასთან ჩაწერა.

ხან მგონია, რომ მამაჩემი არ იყო ასეთი რაღაცის გამკეთებელი, მარტო იმიტომ კი არა, რომ სიგიჟემდე უყვარდა დედაჩემი, იმიტომაც, რომ საერთოდ არ იყო მსგავსი რამის გამკეთებელი. ხანდახან მგონია, რომ განზრახ მოკლა. თან ეს ჭორები სულ გონებას მირევს, ერთი მეუბნება, რომ იმ ღამეს იჩხუბეს, გაშორება უნდოდა, ის ვერ შეეგუა ამას და ესროლა. ზოგი ამბობს, იმ კალამს ყველას გვიშვერდა, გვაშინებდაო. ისეთი იარაღი იყო და ისეთი პატარა ტყვია ჰქონდა, ლარნაკსაც ვერ გატეხდა, მაგრამ დედას გულში მოხვდა, არტერია დაუზიანა… იცით, რამ შემზარა? ამ მკვლელობის შემდეგ მამაჩემი გაიპარა. მოაწყო ინსცენირება, თითქოს დედაჩემს ეძინა… დილით, ბებია რომ შევიდა ოთახში, გულწასული ეგონა და ფეხებს უთბილავდა. თავიდან ეგონათ, რომ ქურდები შემოვიდნენ და მოკლეს, ბებიაჩემი ტიროდა, გია რომ გაიგებს, გადაირევაო. წასულა ვიღაც ცუდი ყოფაქცევის ქალთან, მთელი ღამე იქ ყოფილა, დილას ჩაბარდა. კი თქვეს ექიმებმა, რომ დედაჩემს მაინც არაფერი ეშველებოდა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, შველებოდა? ან მან ხომ არ იცოდა, რომ არ ეშველებოდა? ხომ შეიძლებოდა, ეყვირა, რომ ეს დაემართა? სულ ის ფიქრები მაწვალებს, რამდენი ხანი იცოცხლა დედაჩემმა, რამდენი იწვალა, ვინ იცის, რამდენი იყვირა, შველას ითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობდი და რაც დაემართა, დარწმუნებული ვარ, შემთხვევით მოუვიდა, ვამაყობ, რომ გია ფერაძის შვილი ვარ. მთელი ქვეყნის სიყვარული აქვს დამსახურებული. ერთი ადამიანი არ შემხვედრია, რომ აუგი ეთქვას გიაზე. ბევრი იწვალა, თავი არ მოიკლა. თვითმკვლელობა დროში გაწელა. ეს ბევრად მტანჯველია. მან მოინანია“. – მოუყვა წლების წინ მარიკუნა მიქატაძემ გაზეთ ,,პრაიმტაიმს”.

ტრაგედია 1985 წლის 19 მარტს თბილისში დატრიალდა. ერთ-ერთი ვერსიით, ირინა მიქატაძის ქმარმა, მსახიობმა გია ფერაძემ ცოლი შემთხვევით, კალმის ფორმის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. გია ფერაძემ სასჯელი ჯერ საქართველოს რამდენიმე ქალაქის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხადა, ბოლოს – ციმბირში. ციხიდან გამოსვლიდან ორიოდე წელში კი გარდაიცვალა.

ირინა მიქატაძე 26 წლის იყო. მას და გია ფერაძეს დარჩათ ქალიშვილი მარიკუნა, რომელიც ტრაგედიის დროს 11 თვის იყო. მარიკუნა ირინას მშობლებმა, მოქანდაკე ჯუნა მიქატაძემ და მისმა მეუღლემ, მარიკა საყვარელიძემ, შვილად აიყვანეს და გაზარდეს.