„ხომ იცოდა, იმ დაკეტილ სალოცავთან რომ იოლი სამიზნე იქნებოდა... და მე გპასუხობთ – იცოდა“ - გიორგი კეკელიძე ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურზე

მწერალი

„რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მორიგ მკვლელობას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ეხმაურება.

„ხომ იცოდა თამაზ გინტურმა, იმ დაკეტილ სალოცავთან რომ იოლი სამიზნე იქნებოდა?

ხომ იცოდა ტატუნაშვილმა, რომ მოკლავდნენ, რაღატომ გადაწყვიტა წასვლა?

ანწუხელიძემ ხომ იცოდა, რუსეთი რომ დიდია და მაგას ვერ მოერევი, რატომ არ დანებდა?

ზვიად გამსახურდიამ ხომ იცოდა, რომ სიკვდილით გაუსწორდებოდნენ, მაშ, რაღას ბრუნდებოდა სამშობლოში?

ხომ იცოდა მიხეილ ჯავახიშვილმა, რომ აწამებდნენ და დახვრეტდნენ – რაღატომ შეუბრუნა ბერიას სიტყვა?

და ილია ჭავჭავაძემ ხომ იცოდა, გულში ტყვიის დახლა რომ არის სამშობლოს გულით სიყვარულის ჩვენებური ბოლო?

ვაჟა-ფშაველამ ხომ იცოდა, რომ იმ ბნელ მოსახვევში, დაჭრილს ყვავ-ყორნები ეომებოდნენ?

დიმიტრი ყიფიანმაც ხომ იცოდა?

თევდორე მღვდელმა?

იცოდნენ. და რომ იცოდნენ, იმიტომ ზიხართ ახლა თქვენ დამოუკიდებელი საქართველოს რომელიღაც ქალაქში, თბილ ოთახში და დიდი წვალებით და ნაცადი რუსული შრიფტით აცოდვილებთ ბრძნულ შეკითხვას: ხომ იცოდა?

და მე გპასუხობთ – იცოდა“, – წერს გიორგი კეკელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

აშშ-ის სენატმა დაბლოკა ისრაელის დახმარების შესახებ რესპუბლიკელების კანონპროექტი, რომელიც უკრაინის დახმარებას არ მოიცავდა

„მოვიგე ნოკაუტი და ვარ ძალიან ამაყი...“ - ნინი ბრეგვაძე მიმართვას ავრცელებს

გრამატიკულად გაუმართავი საუბარი ფიზიკურ სტრესს იწვევს - კვლევა