„ხანძარმა ზუსტად 20 წუთში სახლის გარეშე დატოვა ჩემი ოჯახი“ - ლაგოდეხელი მასწავლებლის ემოციური პოსტი

ლაგოდეხი

ლაგოდეხში მცხოვრები მასწავლებელი, ლამარა ტაბატაძე რომელსაც რამდენიმე დღის წინ ხანძრის შედეგად სახლი დაეწვა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„მეგობრებო, არავინ იცის ვის რა სიურპრიზს გვიმზადებს ბედი. ხანძარმა ზუსტად 20 წუთში სახლის გარეშე დატოვა ჩემი ოჯახი. ყველა, თუნდაც ძალიან ცუდ ამბავს აქვს თავისი დადებითი მხარე.

ახლა მეტად ვგრძნობ, რამდენი კეთილი ადამიანია ჩვენს გარშემო. ზოგიერთი ნეგატიური კომენტარის პასუხად მინდა ვთქვა, რომ ჩემი ოჯახი არავის უკმაყოფილო არ არის. პირიქით, გვინდა მადლობა გადავუხადოთ თითოეულ ადამიანს, ვინც გულთან მიიტანა ჩვენი ამბავი და დაგვეხმარა თუნდაც ერთი კეთილი სიტყვით ან ერთი ლარით. მადლობა პირველ რიგში ჩემი სოფლის ხალხს, რომელიც პირველი წუთებიდანვე გვერდიდან არ მოგვშორებია. მადლობა ჩემს ძვირფას კოლეგებს, სკოლის დირექტორებს, ცუდი ამბის გაგებისთანავე რომ მომინახულეს და კეთილი სიტყვით თუ საქმით მდგომარეობა შეგვიმსუბუქეს.

მადლობა ჩემს ყოფილ და ამჟამინდელ მოსწავლეებს, მადლობა ბატონ ჯონდოს და ბატონ გაგას, რომლებმაც ამ რთულ პირობებში დრო გამონახეს, მეორე დღესვე მოვიდნენ და გაგვამხნევეს. რაც შეეხება მატერიალურ დახმარებას, მას დოკუმენტაციის მომზადება სჭირდება. ასე ჩქარა ვერ მოხერხდებოდა.

მადლობა ჩემს თანაკლასელებს, სკოლის დამთავრებიდან ამდენი წლის შემდეგაც რომ გვერდით მიდგანან, მადლობა ჩემი სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს და სოფელი კაბლის მოსახლეობას, მადლობა ჩემს ანუკის, რომელსაც ჩვილი ბავშვი ჰყავს და მასთან ერთად ცდილობს ჩვენი პრობლემების მოგვარებას, მადლობა ნიკას და მათ „მაშველ რგოლს“_ „ხელი ხელს“ რომ ჰქვია და მუდამ გვერდით უდგას ვისაც ყველაზე მეტად უჭირს...“, - წერს ლამარა ტაბატაძე „ფეისბუქზე“.