კახა კალაძე: მეტროს ტენდერთან დაკავშირებით თბილისის მერიამ სრულად იხელმძღვანელა EBRD-ის მიერ დამტკიცებული შესყიდვის პროცედურით - არავის გავუტარებთ სიცრუეს

კალაძე

თბილისის მერიამ სრულად იხელმძღვანელა EBRD-ის მიერ დამტკიცებული შესყიდვის პროცედურით და დაბალი ფასის პრინციპიდან გამომდინარე ტენდერში გაიმარჯვა რუსულმა კომპანიამ. ტენდერი გამოცხადებული იყო 2020 წლის თებერვალში, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საკითხის ირგვლივ ბევრი ბინძური და არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა, „ყველა კარგად ხედავს, რომ მათი დღის წესრიგი დაფუძნებულია სიცრუესა და სიყალბეზე“.

„მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არავის გავუტარებთ სიცრუეს და არავის გავუტარებთ იმას, რომ საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში. კონკრეტული ტენდერები ეხება მეტროს ტენდერთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციას. ძალიან ბევრი ტყუილი გავრცელდა ამასთან დაკავშირებით. მერიის ინიციატივით და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის თანადაფინანსებით თბილისის მეტროსთვის ვაგონების შესყიდვა განხორციელდა. როდესაც ამგვარ პროექტს აფინანსებს რომელიმე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია, შესყიდვები ყოველთვის ხორციელდება ამ ორგანიზაციის მიერ დადგენილი შესყიდვების წესების შესაბამისად. ასე იყო მეტროს ვაგონების შესყიდვის ტენდერის გამოცხადების შემთხვევაშიც. თბილისის მერიამ სრულად იხელმძღვანელა EBRD-ის მიერ დამტკიცებული შესყიდვის პროცედურით და დაბალი ფასის პრინციპიდან გამომდინარე ტენდერში გაიმარჯვა რუსულმა კომპანიამ. ტენდერი გამოცხადებული იყო 2020 წლის თებერვალში. საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა აქვს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, რამდენიმე ეტაპია და შესაბამისად ჩვენც, მოგვიწია ამ ეტაპების გავლა. არ მოგესმათ, ნამდვილად 2020 წლის თებერვალში იყო გამოცხადებული ეს ტენდერი. 2021 წლის ნოემბერში უკვე გამოვლინდა გამარჯვებული ეს კომპანია. ამას რატომ ვამბობ. თქვენ იცით, რომ პირდაპირ ომს და სანქციებს უკავშირებდნენ ამ ყველაფერს და რამდენი სიბინძურე და არასწორი განცხადება მოვისმინეთ ე.წ. პოლიტიკოსების მხრიდან. ყველა კარგად ხედავს ამ ქვეყანაში, რომ მათი დღის წესრიგი დაფუძნებულია სიცრუესა და სიყალბეზე. მერე დასხდებიან და საუბრობენ, რომ ნულები არიან. ცხადია, როდესაც ასეთი სიცრუეა მათი დღის წესრიგი, მერე არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ნულები ხართ. თუ ასე გააგრძელებთ, კიდევ უფრო გაფარჩაკდებით. შესაბამისად, გონს მოეგეთ და გააკეთეთ ისეთი განცხადებები, რომელიც რეალური და ნამდვილია“, - აღნიშნა კალაძემ.