ჯო ბაიდენმა საარჩევნო რბოლიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო - ვინ ჩაანაცვლებს ბაიდენს? როგორ აირჩევენ „დემოკრატიული“ პარტიის ახალ საპრეზიდენტო კანდიდატს?

ჯო ბაიდენი

„დემოკრატიული“ პარტიის ლიდერების ზეწოლის შემდეგ, პრეზიდენტმა ბაიდენმა მიიღო საგანგებო გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებიდან გასვლის შესახებ.

„მე მჯერა, რომ ჩემი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია მოვხსნა ჩემი კანდიდატურა და მხოლოდ პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებაზე ვკონცენტრირდე ჩემი [საპრეზიდენტო] ვადის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში“, - ნათქვამია ჯო ბაიდენის განცხადებაში.

ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა კამალა ჰარისის „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას.

ამერიკული გაზეთი The Washington Post-ი აღნიშნავს, რომ უახლოესი დღეები გადამწყვეტი იქნება, რადგან „დემოკრატიული“ პარტიის ლიდერები შეეცდებიან გააერთიანონ პარტიის შიგნით სხვადასხვა ფრაქცია კამალა ჰარისის გარშემო.

ვინ ჩაანაცვლებს ბაიდენს?

ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ყველაზე სავარაუდო კანდიდატია, ვინაიდან ბაიდენმა მხარი დაუჭირა მას, ხოლო პარტიაში უკვე მიანიშნეს, რომ დაამტკიცებენ მის კანდიდატურას. თუმცა, ჰარისის კანდიდატურა გარანტირებული არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ მას აქვს ბაიდენის მხარდაჭერა და ის მისი ვიცე-პრეზიდენტია. „დემოკრატიულ“ პარტიას შეუძლია სხვა კანდიდატურა აირჩიოს - შესაძლოა, „დემოკრატი“ გუბერნატორი - თუ პარტიის წევრები სხვა კანდიდატის გარშემო გაერთიანდებიან. მაშინაც კი, კანდიდატი არ გახდება ოფიციალური, სანამ დელეგატები არ დაუჭერენ მხარს პარტიის ყრილოობაზე.

როგორ აირჩევენ „დემოკრატიული“ პარტიის ახალ საპრეზიდენტო კანდიდატს?

პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომისგან განსხვავებით, რომელიც ავტომატურად ხდის ვიცე-პრეზიდენტს პრეზიდენტად, ბაიდენის საარჩევნო რბოლიდან გასვლა არ ნიშნავს, რომ კამალა ჰარისი ავტომატურად გახდება საპრეზიდენტო კანდიდატი. „დემოკრატების“ უმეტესობა მოელის, რომ ის [კამალა ჰარისი] იქნება მისი შემცვლელი, მაგრამ პარტიის დელეგატებს, რომლებიც აირჩევენ საპრეზიდენტო კანდიდატს „დემოკრატების“ ეროვნულ ყრილობაზე, შეუძლიათ ხმა მისცენ ნებისმიერ კანდიდატს, რომელიც მათ მოსწონთ. თუ „დემოკრატები“ ვერ გაერთიანდებიან რომელიმე კანდიდატის გარშემო, ეს შექმნის ე.წ. „ღია ყრილობის“ შესაძლებლობას, რაც პარტიაში 1968 წლის შემდეგ არ მომხდარა. „დემოკრატები“, ალბათ, შეეცდებიან თავიდან აიცილონ მსგავსი სცენარი ყრილობის წინ ერთი კანდიდატის მხარდაჭერით და ბევრი დელეგატი, თუ არა უმეტესობა, სავარაუდოდ მხარს დაუჭერს პარტიის სასურველ კანდიდატს.

რამდენად სწრაფად შეიძლება აირჩიონ ახალი საპრეზიდენტო კანდიდატი?

მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენმა და პარტიამ მხარი დაუჭირეს ჰარისს, არავინ ხდება ოფიციალური კანდიდატი მანამ, სანამ დელეგატები არ დაუჭერენ მხარს კანდიდატს პარტიის ყრილობაზე. საპრეზიდენტო კანდიდატს აირჩევენ ყრილობაზე, რომელიც 19 აგვისტოს უნდა დაიწყოს.