1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ექიმების, ფსიქოლოგების, პედაგოგებისა და ფსიქიატრების ნაწილმა, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროსთან შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქცია გამართა.
აქციის მონაწილეებს სამინისტროსთან გაშლილი ჰქონდათ ბანერები, რომელზეც მათი მოთხოვნები ეწერა: „ნუ გვიგვიანებთ მინიმალურ ხელფასს!“, „ვითხოვთ ღირსეულ ხელფასს!“, „მოგვეცით ანაზღაურებადი დეკრეტი”, „ერთობა ჩვენი ძალაა!“, „გაწეულ შრომაზე ადეკვატური ანაზღაურება!” „მოგვეცით ბენეფიციარამდე მისასვლელი გზის ხარჯი!“
„სოლიდარობის ქსელის“ იურისტის, დავით ომსარაშვილის თქმით, თუ ჯანდაცვის სამინისტრო აქციის მონაწილეების მოთხოვნებს არ შეასრულებს, ამ შემთხვევაში დასაქმებულები პერმანენტულ აქციებს გამართავენ.
„დღეს შევიკრიბეთ იმიტომ, რომ ორი ქვეპროგრამის სპეციალისტებმა, (ესენი არის ადრეული განვითარებისა და რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამაში მონაწილე სპეციალისტები) თავიანთ ცუდ სამუშაო პირობებზე და დაბალ შრომის ანაზღაურებაზე ხმამაღლა ისაუბრონ. ისინი სინამდვილეში დაუფასებლები არიან. ეს ადამიანები თანამედროვეობის გმირები არიან, რომლებიც ეხმარებიან სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, შშმ პირებს, ბავშვებს, რომელსაც სპეციალური საჭიროებები აქვთ და ა.შ. მოკლედ, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოში უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებენ და სამწუხაროდ, ამ დრომდე მათი შრომითი პირობები ძალიან ცუდია. შესაბამისად, დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ სახელმწიფოს მოვთხოვოთ, გამოსწორდეს ის ხარვეზები, რომელიც ამ ქვეპროგრამებს აქვთ. დასაქმებულების ანაზღაურება უნდა გაიზარდოს. ჩვენ ვითხოვთ, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჩვენ შეგხვდება. ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის. თუ დასაქმებულების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. არ გამოვრიცხავ, რომ ადგილი გაფიცვას ჰქონდეს და ამ ადამიანებმა მუშაობა შეწყვიტონ მანამ, სანამ მათ ღირსეული სამუშაო პირობები არ ექნებათ“, - განაცხადა დავით ომსარაშვილმა.
ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის სპეციალისტის და აქციის მონაწილის, თამარ ნოზაძის განცხადებით, აქციის გამართვის მიზეზი გახდა ის, რომ მათ დეკემბრის თვის ანაზღაურება დღემდე არ აუღიათ.
„შევიტანეთ განაცხადი, სადაც ჩვენი მოთხოვნები გავაჟღერეთ. აქციის დაანონსების მიზეზი გახლავთ ის, რომ სახელმწიფოს დეკემბრის თვის ანაზღაურება ორგანიზაციებისთვის ჯერ კიდევ არ ჩაურიცხავს, რომ ორგანიზაციებმა შემდეგ ხელფასები სპეციალისტებზე გასცეს. დღევანდელ ეკონომიკურ პირობებში, დაახლოებით, ხელფასი არის იგივე, რაც 10-11 წლის წინ იყო. ასევე, საჭიროა ამ სპეციალისტებისთვის მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება მოხდეს, რადგან ამ ადამიანებს დღეში რამდენიმე ბენეფიციართან მისვლა უწევთ. ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა დეკრეტული შვებულების და ბიულეტენის არქონაა. ყველა მხრიდან შეხვედრას ვითხოვთ, ორგანიზაციების, კოალიციის იმისთვის, რომ ვისაუბროთ არსებულ პრობლემებზე”, - განაცხადა თამარ ნოზაძემ.
ცნობისთვის, დღეს აქციის მონაწილეებმა ჯანდაცვის სამინისტროში განცხადება შეიტანეს, სადაც მათი მოთხოვნები და პრობლემებია ასახული. ისინი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.