ჯაბა სამუშიამ ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონულ სემინარში მიიღო მონაწილეობა

ჯაბა სამუშია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონული სემინარი „ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება ფრანგული ენის სწავლებაში“ გახსნა, რომელშიც ქართველ სპეციალისტებთან ერთად 9 ქვეყნის 30-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.

თსუ-ს ინფორმაციით, სამდღიანი სემინარი მიზნად ისახავს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მასშტაბით ფრანგული ენის სწავლა-სწავლებაში ჩართული ექსპერტების, ტრენერების, პროფესორ-მასწავლებლების სასწავლო-სამეცნიერო გამოცდილებაზე დაფუძნებული ერთიანი მოდულის შემუშავებას.

„ხელოვნური ინტელექტი დღევანდელი საზოგადოებისა და უნივერსიტეტებისთვის დიდ გამოწვევასა და შესაძლებლობას წარმოადგენს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხელოვნური ინტელექტის შესახებ უნივერსიტეტის სტრატეგიაზე მუშაობს. დღეს შეგვიძლია განვიხილოთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობები აკადემიურ ცხოვრებაში, ასევე ვიმსჯელოთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც დაკავშირებულია საგანმანათლებლო სივრცეში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას“, - აღნიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ.
ღონისძიების გახსნას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ფრანკოფონიის რეგიონული ცენტრის (CREFECO) აღმასრულებელი დირექტორი ემანუელ სამსონი, ქართველი და უცხოელი დარგის სპეციალისტები, პროფესორები, სტუდენტები ესწრებოდნენ.

როგორც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ფრანკოფონიის რეგიონული ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ემანუელ სამსონმა აღნიშნა, „მიმდინარე წელს რეგიონული სემინარის მასპინძელ ქვეყნად საქართველო შეირჩა, სადაც ხელოვნური ინტელექტის პოტენციალს შევაფასებთ ფრანკოფონულ საგანმანათლებლო-სამეცნიერო სივრცეში მისი ინტეგრაციის მიმართულებით“. მან მადლობა გადაუხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ფრანგული ენის სწავლა-სწავლების განვითარების ხელშეწყობისთვის.

ხელოვნური ინტელექტის გლობალური სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილი რეგიონული სემინარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რომანული ფილოლოგიის კათედრის და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით იმართება.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ხელს უწყობს ფრანკოფონი სტუდენტების ჩართულობას საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში.