სააკაშვილის ბრძანებულებაში, პარლამენტის გადაწყვეტილებაში წერია, რომ 8 აგვისტოს შემოიჭრა რუსული რეგულარული ჯარი - მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

ერთი ომის ორი თარიღი - შვიდი თუ რვა აგვისტო? როდის დაიწყო საომარი მოქმედებები კვლავ დისკუსიის საგანია.

"ქართულ ოცნებაში" კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულების თანახმადაც, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს საზღვარი 8 აგვისტოს გადმოკვეთა. წლების განმავლობაში, 8 აგვისტო აღინიშნებოდა ომის დაწყების დღედ, თუმცა ათი წლის შემდეგ, ოპონენტებმა გადაწყვიტეს შეეცვალათ ეს თარიღი.

ცნობისთვის, ოპოზიციის წარმომადგენლები მუხათგვერდის სასაფლაოზე ბოლო წლების განმავლობაში შვიდ აგვისტოს მიდიან.

დღეს, ურთიერთბრალდებები ისმოდა იმაზეც ერთი მხრივ რა ნაბიჯები გადადგა იმჟამინდელმა ხელისუფლებამ, მეორე მხრივ კი რა შეფასებები კეთდება ამ ნაბიჯებზე მოქმედი ხელისუფლების მხრიდან.

კიდევ ერთხელ გაიხსენეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 3 ოქტომბრის რეზოლუცია.

საკითხს გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე.

"რეზოლუციაში, რომელსაც მაშინ ქართულმა მხარემ მოაწერა ხელი, არის, რომ 8-ში გადმოკვეთესო. სააკაშვილის ბრძანებულებაში, პარლამენტის გადაწყვეტილებაში წერია, რომ 8 აგვისტოს შემოიჭრა რუსული რეგულარული ჯარი.

თქვენმა მოღალატე ბელადებმა, ხელი მოაწერეს რეზოლუციას და მხარი დაუჭირეს, სადაც წერია, რომ 7 აგვისტოს ქართული მხარის მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვით ესკალაცია ახალ სრულმასშტაბიან საომარი მოქმედებების ფაზაზე გადავიდა.

მე-11 პუნქტში დადანაშაულებული იყო ქართველი და რუსი ჯარისკაცი თანაბრად, რაც დიდი პარადოქსი იყო. მოვიგეთ ეს დავა, ქართველ ჯარისკაცს ვერავინ დააბრალა ომის დანაშაული, ხოლო ოკუპანტებს დააბრალეს.

რუსეთის ხელისუფლებამ თავისი ჯარისკაცებისთვის უკეთესად იმოქმედა, ვიდრე საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ქართველი ჯარისკაცისთვის. იქ ხელი არ მოუწერა რეზოლუციაზე არავის, რომ საკუთარი ჯარისკაცის დადანაშაულება დაეშვა და მიხეილ
 სააკაშვილმა "ნაცმოძრაობამ" და თქვენმა ბელადებმა, ხელი მოუწერეს საკუთარი ჯარისკაცების ომის დანაშაულში დადანაშაულებაში.

ეს იყო ღალატი, რომელსაც თქვენ დღემდე აპრავებთ, მათ შორის, პოლიტიკოსები, სულ რამდენიმე წელია, აპრავებენ შვიდი აგვისტოს თარიღის შემოტანით, მაგრამ სამწუხაროდ, ამის საშუალება ოკუპანტებს თავიანთი ამ მოქმედებით მისცეს ქართველი რეჟიმის წარმომადგენლებმა", - განაცხადა მამუკა მდინარაძე.