იყო თუ არა თბილისის ზოოპარკში ჟირაფი - რას ამბობს ზურაბ გურიელიძე

ზურაბ გურიელიძე

თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე იხსენებს, რომ ზოოპარკში ჟირაფების არსებობის შესახებ გავრცელებული ამბავი რეალობას არ შეესაბამება.

მისი თქმით, 1962 წელს თბილისში ორი ჟირაფი მართლაც ჩამოიყვანეს, თუმცა ორივე რამდენიმე თვეში დაიღუპა. გურიელიძე აღნიშნავს, რომ იმ პერიოდში ცხოველთა ქცევის შესახებ მეცნიერება ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზე იყო, საბჭოთა კავშირში კი ამ მიმართულებით კვლევები შეზღუდულად ტარდებოდა.

„ბევრი ლეგენდა არსებობს, ბევრს ახსოვს, რომ იყო ჟირაფი. მე არ მახსოვს, იმიტომ, რომ მთელი ჩემი, ასე ვთქვათ, რაც კი მეხსიერება მაქვს, ძალიან დიდი დრო მაქვს ზოოპარკში გატარებული ბავშვობიდან, მე ჟირაფი არ მახსოვს.

თუმცა, 1962 წელს იყო, 2 ჟირაფი ჩამოიყვანეს, რომლებმაც რამდენიმე თვე იცოცხლეს და შემდეგ დაიღუპნენ. და იყო ერთ-ერთის ფიტული დიდი ხნის განმავლობაში. ეს ფიტული კარგად მახსოვს.

1962 წელს, ცხოველების მიმართ ძალიან ბევრი რამე უცნობი, გაურკვეველი იყო. მაგალითად, იგივე, ცხოველთა ქცევის შესახებ მთელ მსოფლიოში მეცნიერება ყალიბდებოდა. სწორედ, ეგ პერიოდია, როდესაც ევროპაში იწყებოდა ასეთი ზოოპარკების ფუნქციის ცვალებადობა, თუმცა, ჩვენთან ეს გაცილებით გვიან დაიწყო. იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირი ჩაკეტილი ქვეყანა იყო, ყველა მხრივ, მათ შორის, მეცნიერების მხრივაც. 

მეცნიერება ცხოველთა ქცევის შესახებ, ფაქტობრივად, ითვლებოდა როგორც სახელმწიფო დანაშაული. თუ ამ საკითხზე მუშაობდი. ძალიან ბევრი შეზღუდვა იყო და ამიტომ ამან თავისი გავლენა იქონია,“ - ამბობს გურიელიძე პოდკასტში „ეგ არაფერი“.