იუსტიციის სამინისტრო ბიზნესსუბიექტებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის სარეგისტრაციო პროცედურის გავლას შეღავათიანი პირობებით სთავაზობს

თამარ ზოდელავა

იუსტიციის სამინისტრო 9 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს სპეციალური შეთავაზებით ისარგებლონ და სარეგისტრაციო მონაცემები კანონთან შესაბამისობაში განახევრებულ ფასად მოიყვანონ.

„სამეწარმეო სუბიექტებს შესაძლებლობა ექნებათ 200 ლარის ნაცვლად გადაიხადონ 100 ლარი. ამისათვის საჭიროა ისარგებლონ იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სტანდარტული წესდებით, მიმართონ ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებს ან დისტანციურად გაიარონ რეგისტრაცია ვებგვერდზე my.gov.ge და შესაბამისობაში მოიყვანონ სარეგისტრაციო მონაცემები „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალ კანონთან", - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თამარ ზოდელავამ.

ბიზნესსუბიექტებისთვის „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონთან სარეგისტრაციო მონაცემების მოყვანის ვადა მიმდინარე წლის 1-ელ აპრილს სრულდება.

იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე 2026 წლის 1 აპრილამდე სარეგისტრაციო მონაცემებს არ მოიყვანს კანონთან შესაბამისობაში სამეწარმეო საზოგადოებას შეუჩერდება რეგისტრაცია და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამონაწერი აღარ გაიცემა. საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემები „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში 350 000-ზე მეტმა სუბიექტმა მოიყვანა. კანონთან შესაბამისობაში მოყვანა ვრცელდება 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ შემდეგ საწარმოებზე:

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაზე;
სააქციო საზოგადოებაზე;
სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაზე;
კომანდიტურ საზოგადოებაზე;
კოოპერატივსა და უცხოური საწარმოს ფილიალზე.

კანონის მოთხოვნა არ ვრცელდება ინდივიდუალურ მეწარმეებსა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებზე.

რეგისტრაციისთვის ბიზნესსუბიექტებს შესაძლებლობა აქვთ მიმართონ:

➢ ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ იუსტიციის სახლს;

➢ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს;

➢ ავტორიზებულ პირებს: https://napr.gov.ge/ka/page/authorized-customers/authorized-persons-register

➢ ან გაიარონ რეგისტრაცია დისტანციურად ვებგვერდზე My.gov.ge

მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი ამარტივებს ბიზნესპროცედურებს, იცავს ბიზნესსუბიექტების უფლებებს და ხელს უწყობს მეწარმეთა ერთიანი ბაზის სისტემატიზაციას.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.