დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ქართველი პროფესორი, სამართალმცოდნე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი გარდაიცვალა.
კოტე კუბლაშვილი 2000 წელს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრად. 2000-2002 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, სამინისტროს საპარლამენტო მდივანი.
2002-2004 წლებში მუშაობდა იურიდიულ ფირმაში „ქართველი ადვოკატები სამართლიანობისათვის" იურისტად. 2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის განვითარებისა და რეფორმების ფონდის ჯერ მეურვეთა საბჭოს წევრად, ხოლო შემდეგ ფონდის დირექტორად.
2005-2015 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
პროფესორის გარდაცვალებას კოლეგები, იურისტები ყოფილი სტუდენტები და პოლიტიკოსები ეხმიანებიან და ემოციურ წერილებს აქვეყნებენ:
„იურისტთა შორის მაესტრო!“...
„კვირა არ გავიდოდა არ მოგეკითხე:
- რას შვებით გია, ხო ხართ მაგრად?
- რას შვებით გია, გადახვედით ხო უკვე შეტევაზე?
- როგორ ხარ გია, რამე ხო არ გჭირდება?
კიდე შევხვდებით ძმა“,- წერს გია გეწაძე.
„ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას ძალიან ძვირფასი ადამიანი იყო… ჩემი ბავშვობის ყველაზე მძიმე დღეები, სწორედ კოტემ და მისმა ძვირფასმა მეუღლემ გააფერადეს, როდესაც დევნილები გავხდით… ყოველთვის ტკბილად გამახსენდებით, უფალმა დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი“,- წერს მარიამ ღამბაშიძე.
„მადლობა ბატონო კოტე ყველაფრისთვის! თქვენი დამსახურებაა საჯარო სამართალი ძირითად პროფესიად რომ ავირჩიე. კონსტანტინე კუბლაშვილი ჩემთვის გამორჩეული ლექტორი იყო, რომელიც 4 საგანს მასწავლიდა. უნივერსიტეტში შესვლის პირველივე დღიდან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა მასთან. აკადემიური მიმართულებით მის ცენტრში ბევრი კარგი საქმე ვაკეთეთ. მისი წიგნები მუდამ განსაკუთრებულ ადგილზე იქნება ჩემს ბიბლიოთეკაში. ბოლოს რამდენიმე კვირის წინ ვესაუბრე. მისი გარდაცვალება წარმოუდგენლად დიდი დანაკარგია როგორც თითოეული ჩვენგანისთვის, ისე მთელი აკადემიური სფეროსთვის. მშვიდად განისვენეთ პროფესორო!„,- წერს ნიკა გურინი.
„ჩემთვის დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი ილიაუნის ოჯახის წევრი და ურთიერთობა მქონოდა თავისი საქმის უბადლო პროფესიონალთან ბატონ კონსტანტინე კუბლაშვილთან, რომელმაც გვაზიარა ადამიანის უფლებების მიმართულებით არაერთ თეორიულ, თუ პრაქტიკულ ცოდნას… სანამ სემესტრი ფრიადზე არ დავასრულე მერიდებოდა მეთქვა მისთვის თუ ვინ ვიყავი, ბოლოს კი არასოდეს დამავიწყდება მისი მზერა: ,,… ამას ახლა უნდა ვიგებდე გოგოო” და ჩვეულად ჩაიხითხითა განისვენე იქ სადაც მართალნი განისვენებენ საოცარი გულისა და ადამიანობის მატარებელო… ეს საოცარი ადამიანი მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განვითარების ცენტრით არაერთ სტუდენტს დაგვეხმარა ჩვენი ცოდნა პრაქტიკულადაც გამოგვეყენებინა და მუდმივად ცდილობდა სტუდენტებისთვის თავისი ცოდნის მაქსიმუმი გადაეცა… ძალიან სამწუხაროა, ასეთი ადამიანები ასე ნაადრევად არ უნდა გვტოვებდნენ ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახსა და მთელ საქართველოს, ის ყველასთვის უდიდესი დანაკლისია“,- წერს თამარ ჟვანია.
„კოტე კუბლაშვილი საუკეთესო ადამიანი და პროფესიონალი, თბილი და კეთილშობილი ურთიერთობაში, 50 წლის ასაკში, ასე ახალგაზრდა გარდაიცვალა.
ის არაერთი საინტერესო წიგნის და სტატიის ავტორია. მის მიერ შექმნილი სახელმძღვანელო ძირითად უფლებებში, ერთ-ერთი პირველი და საუკეთესოა ქართულ იურიდიულ სივრცეში. სანამ ჯანმრთელობა ამის შესაძლებლობას აძლევდა, არ შეუწყვეტია სამეცნიერო საქმიანობა. ვერასოდეს იგრძნობდი რომ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ძალიან დამენანა, ძალიან ვწუხვარ, ვიზიარებ ოჯახის, მეგობრების, ახლობლების მწუხარებას“,-წერს მაია კოპალეიშვილი.
„ოთხმოცდაათიან წლებში ჩემი ოჯახის წევრი ჰანოვერის კლინიკაში აღმოჩნდა ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებით. არავის ეგონა, რომ გადარჩებოდა. კოტე მაშინ ჰანოვერის უნივერსიტეტის დოქტორანტი იყო. არ მოგვშორებია ბოლომდე. ძალიან გვეხმარებოდა. ღვთის მადლით, გერმანელმა ექიმებმა სასწაული ჩაიდინეს და ოჯახის წევრი გადამირჩინეს. კოტეს თანადგომა კი სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება. ნათელში იყოს მისი სული“,-წერს თენგიზ შარმანაშვილი.