ITB Berlin: მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესს ტურისტულ გამოფენას ITB Berlin 2023 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახსნის

ტურიზმი

ITB berlin 2023 6 მარტს ბერლინში ოფიციალურად გაიხსნება და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახსნის - ინფორმაციას ამის შესახებ ITB Berlin-ის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ბერლინში, საერთაშორისო ტურისტული გამოფენის  დაწყებამდე ერთი დღით ადრე საზეიმო გახსნის ცერემონიალში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ: გერმანიის ვიცე-კანცლერი და ეკონომიკური საქმეების მინისტრი რობერტ ჰაბეკი, ბერლინის მერი ფრანცისკა გიფი და ბერლინის გამოფენის დირექტორი დირკ ფოჰმანი.  საზეიმო ცერემონიალს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი და მსოფლიო ვაჭრობისა და ტურიზმის საბჭოს პრეზიდენტი ჯულია სიმფსონი დაესწრებიან.

გამოფენაზე საქართველოს მთავარი კონცეფციაა „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“.

გალა გახსნაზე ქართული ღვინის კულტურიდან თანამედროვე ავანგარდულ ხელოვნებამდე წარმოდგენილი იქნება საქართველოს კულტურა და ეთნიკური მრავალფეროვნება. გახსნის შოუ ქართული ხელოვნების შედევრებსა და სხვადასხვა ტიპის ჟანრს მოიცავს. წარმოდგენილი იქნება ეთნო ჯაზი, სიმღერით და ელექტრო მუსიკით. საზეიმო კონცერტზე მაყურებლის წინაშე წარდგება მსოფლიოში ცნობილი ქართული ეროვნული ბალეტი სუხიშვილები. შოუ 6 ნაწილისგან შედგება და აქ ბალეტის მოცეკვავეებთან ერთად აუდიტორიის წინაშე ანსამბლი რუსთავი ტრადიციული პოლიფონიური სიმღერებით, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და მისი ხელმძღვანელი ნიკოლოზ  რაჭველი წარდგებიან. გალა გახსნაზე მსოფლიოში ცნობილი ოპერის სოპრანო ნინო მაჩაიძე, ვირტუოზი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი, მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი, კომპოზიტორი დათო ევგენიძე და მუსიკოსი ნიკა მაჩაიძე მიიღებენ მონაწილეობას.

მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ბერლინში 7-9 მარტს გაიმართება.

ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, თბილისის მერიასთან, ტურისტულ ასოციაციებთან, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციებთან.  44 ტუროპერატორთან და  23 სასტუმროსთან, ჯამში 80-მდე ორგანიზაციასთან და კომპანიასთან ერთად არის წარდგენილი.

ITB Berlin 1966 წლიდან იმართება.  2019 წელს, მსოფლიო პანდემიამდე ITB Berlin-მა მსოფლიოს 181 ქვეყნიდან  გამოფენის  10 ათას მონაწილეს უმასპინძლა. გამოფენას 160 ათასი სტუმარი ჰყავდა და მედიის 5000-მდე წარმომადგენელი აშუქებდა