1727974750
ირაკლი ღარიბაშვილი - დღიდან დაარსებისა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელთანაა დაკავშირებული აღმშენებლობის ყველა პროცესი საქართველოში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის მდიდარი საგანმანათლებლო ტრადიციების ნიადაგზე აღმოცენდა და საინჟინრო განათლების სფეროში პირველი, ხოლო ზოგადად - ერთ-ერთი უძველესი სასწავლო დაწესებულებაა არა მხოლოდ ამიერკავკასიაში, არამედ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებშიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საზოგადოებას იუბილე მიულოცა და წარმატებები უსურვა.
“ მოგესალმებით ძვირფასო პროფესორებო და სტუდენტებო, უნივერსიტეტის თანამშრომლებო და კურსდამთავრებულებო, საპატრიარქოს წარმომადგენლებო! გულითადად გილოცავთ უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის მდიდარი საგანმანათლებლო ტრადიციების ნიადაგზე აღმოცენდა და საინჟინრო განათლების სფეროში პირველი, ხოლო ზოგადად - ერთ-ერთი უძველესი სასწავლო დაწესებულებაა არა მხოლოდ ამიერკავკასიაში, არამედ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებშიც.
დაარსებიდან მალევე უნივერსიტეტი გადაიქცა საინჟინრო კადრების უდიდეს და შეიძლება ითქვას, მთავარ სამჭედლოდ, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა ქართული მეცნიერებისა და მთელი რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღიდან დაარსებისა, ამ უნივერსიტეტის სახელთანაა დაკავშირებული აღმშენებლობის ყველა პროცესი საქართველოში.
ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. უნივერსიტეტი უმაღლესი დონის პროფესიონალთა მომზადებისა და ტექნიკური მეცნიერებების განვითარების მხრივ რეგიონში აღიარებულ ლიდერად რჩება. იგი ამზადებს მაღალი კვალიფიკაციის ინჟინერ-მშენებლებს, რკინიგზელებს, სამთო დარგის სპეციალისტებს და გეოლოგებს, არქიტექტორებს, ენერგეტიკოსებს, ქიმიკოსებს, კავშირგაბმულობის სპეციალისტებს. დღეს ამ უნივერსიტეტში საინჟინრო და ტექნოლოგიურ სპეციალობებს 20 000-ზე მეტი სტუდენტი ეუფლება.
უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან, სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან, და უნივერსიტეტთა პრესტიჟული საერთაშორისო ქსელების წევრია.
მე მსურს აღვნიშნო უნივერსიტეტის ბოლოდროინდელი მიღწევები: განსაკუთრებული მოვლენაა ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN) თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლა, რასაც კიდევ ერთხელ გილოცავთ.
ეს ნიშნავს, რომ ერთობლივ სამეცნიერო პროექტებში მკვლევრებთან ერთად სტუდენტები, მაგისტრანტები და დოქტორანტებიც აქტიურად ჩაერთვებიან. ესაა სრულიად ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ჩვენი ახალგაზრდებისთვის.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ტექნიკური უნივერსიტეტისა და საფრანგეთის რენ 1 უნივერსიტეტის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ფარგლებში შეიქმნა. ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამის ამოქმედება უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საიუბილეო ღონისძიება მთავრობის მეთაურმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად გახსნა. სტუმრებს სიტყვით მიმართა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა სამომავლო გზავნილს, რომელიც ადმინისტრაციული კორპუსის მიმდებარე სკვერში კაფსულის სახით ჩაიდება და სტუ-ის 150 წლის იუბილეზე გაიხსნება.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ასევე საზეიმოდ დაფუძნდა ჰორიზონტი ევროპის ოფისი, რომელიც უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს 95 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე ევროპულ პროგრამაში მონაწილეობაში დაეხმარება. ასევე გამოიფინა უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლების ნამუშევრები, საარქივო მასალები და სტუ-ს მიმდებარე სარეკრეაციო ზონის მოწყობის გეგმის მოდელირებული ესკიზები, გაიმართა დიღომში მშენებარე სტუ-ის ჰიდროტექნიკისა და ჰიდრავლიკის სამეცნიერო-სასწავლო კვლევითი ლაბორატორიის პრეზენტაცია.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მთელი წლის განმავლობაში არაერთი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.