ინტერვიუ წევრ-კორესპონდენტ ნანა ბოლაშვილთან

ნანა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია არსებობის 85 წლის იუბილეს აღნიშნავს — თარიღს, რომელიც ქართული მეცნიერების ისტორიას, მის მდიდარ ტრადიციებსა და უწყვეტ განვითარებას აერთიანებს. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, გთავაზობთ ინტერვიუს აკადემიის წევრ-კორესპონდენტთან, გეოგრაფსა და მკვლევარ ნანა ბოლაშვილთან.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია 85 წლის იუბილეს აღნიშნავს - რას ნიშნავს ეს თარიღი ქართული მეცნიერებისთვის? 
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილე არის ქართული მეცნიერების ისტორიის, ტრადიციებისა და იმ ადამიანების შრომის აღიარებაა, რომლებმაც მეცნიერების განვითარებას მთელი ცხოვრება მიუძღვნეს.  
 ამ თარიღში ერთიანდება როგორც ისტორიული მემკვიდრეობა, ისე თანამედროვე მიღწევები, რაც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ქართული მეცნიერება უწყვეტად ვითარდება და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

როგორ შეიცვალა მეცნიერების როლი საქართველოში ბოლო ათწლეულების განმავლობაში? 
ბოლო ათწლეულებში საქართველოში მეცნიერების როლი მნიშვნელოვნად შეიცვალა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მეცნიერებამ რთული პერიოდი გაიარა და შემცირებული რესურსების პირობებში განვითარების ახალი გზების ძიება დაიწყო. დროთა განმავლობაში შეიცვალა სახელმწიფოს ჩართულობის ფორმებიც. დღეს მეცნიერება უფრო მეტად უკავშირდება პრაქტიკულ საჭიროებებს, განსაკუთრებით გამოყენებით კვლევებში, თუმცა ფუნდამენტურ კვლევებსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მნიშვნელოვნად გაიზარდა საერთაშორისო თანამშრომლობა და კვლევების გლობალურ სივრცეში ჩართულობა, რაც ქართულ მეცნიერებას უფრო მოქნილ, კონკურენტუნარიან და თანამედროვე სისტემად აქცევს.

თქვენი შეფასებით, დღეს რა არის ქართული მეცნიერების მთავარი გამოწვევები? 
სამეცნიერო საქმიანობას სჭირდება თანამედროვე კვლევითი ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიები და სტაბილური ფინანსური მხარდაჭერა. სამწუხაროდ, არსებული რესურსები ხშირად ამ საჭიროებებს ვერ პასუხობს, რის გამოც მეცნიერება ახალგაზრდებისთვის ყოველთვის მიმზიდველი არჩევანი არ არის. ვფიქრობ, მთავარი გამოწვევაა ახალგაზრდების დაინტერესება, კვლევებისთვის სათანადო პირობების შექმნა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში კიდევ უფრო აქტიური ჩართულობა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სამეცნიერო შედეგები უფრო ფართოდ გამოიყენებოდეს პრაქტიკაში და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერების მხარდაჭერა ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის?
მეცნიერების მხარდაჭერა ქვეყნის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. თუ გვინდა, რომ საქართველო იყოს კონკურენტუნარიანი და განვითარებაზე ორიენტირებული სახელმწიფო, მეცნიერებაში ინვესტირება აუცილებელია. ეს მხოლოდ კვლევების დაფინანსებას არ გულისხმობს, საჭიროა სისტემური მხარდაჭერა, ღირსეული ანაზღაურება, ახალგაზრდა მეცნიერების ხელშეწყობა და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ნიჭიერი ადამიანები საკუთარ მომავალს საქართველოში დაინახავენ და განვითარების შესაძლებლობასაც აქვე იპოვიან.

როგორია დღეს ახალგაზრდების დამოკიდებულება მეცნიერების მიმართ? 
ახალგაზრდებში მეცნიერების მიმართ ინტერესი ნამდვილად არსებობს და ბევრი მათგანი ძალიან ნიჭიერიცაა. თუმცა, ხშირად მათ არ აქვთ საკმარისი შესაძლებლობები და მხარდაჭერა. მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებმა იგრძნონ, რომ მეცნიერის შრომა ფასდება და ამ სფეროში პროფესიული განვითარება რეალურად შესაძლებელია. 
რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ახალგაზრდების ნაწილი მეცნიერებას აღარ ირჩევს პროფესიულ გზად? 
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არასაკმარისი დაფინანსებაა. სამეცნიერო საქმიანობა დიდ დროს, შრომასა და მოთმინებას მოითხოვს, ამიტომ ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მისი შრომა ღირსეულად დაფასდება. როდესაც ამის გარანტია ნაკლებად არსებობს, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა სხვა სფეროს ან უცხოეთში კარიერის გაგრძელებას ირჩევს. ამიტომ აუცილებელია ისეთი პირობების შექმნა, რომ მეცნიერება ღირსეულ და პერსპექტიულ პროფესიად იქცეს.

რა ნაბიჯებია საჭირო იმისათვის, რომ ახალგაზრდა თაობისთვის მეცნიერება უფრო მიმზიდველი გახდეს? 
პირველ რიგში, აუცილებელია მეცნიერების დაფინანსების გაზრდა და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფა. ამას უნდა დაემატოს თანამედროვე კვლევითი ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა, სტიპენდიები და სხვადასხვა მხარდამჭერი პროგრამა. როდესაც ახალგაზრდები დაინახავენ, რომ მეცნიერებაში განვითარებისა და ღირსეული ცხოვრების რეალური პერსპექტივა არსებობს, მათი ინტერესიც ბუნებრივად გაიზრდება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მეცნიერების პოპულარიზაცია სკოლებიდანვე.

რას ურჩევდით სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს, რომლებიც ახლა იწყებენ სამეცნიერო საქმიანობას? 
პირველ რიგში, ვურჩევდი, რომ არ შეუშინდნენ სირთულეებს. მეცნიერებაში სწრაფი შედეგები იშვიათია, თუმცა შრომა ყოველთვის იძლევა შედეგს. მნიშვნელოვანია მუდმივი სწავლა, პრაქტიკული გამოცდილების დაგროვება და საერთაშორისო თანამშრომლობაში აქტიური ჩართვა, რაც მათ პროფესიულ განვითარებას მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა თანამედროვე მეცნიერებისთვის? 
დღევანდელ მსოფლიოში მეცნიერება სულ უფრო მეტად საერთაშორისო თანამშრომლობაზეა დაფუძნებული. ასეთი თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას, ვიმუშაოთ ერთობლივ პროექტებზე, გავცვალოთ ცოდნა და გამოცდილება და მსოფლიო სამეცნიერო პროცესის სრულფასოვანი ნაწილი ვიყოთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.
ჩემი გამოცდილებითაც შემიძლია ვთქვა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა მხოლოდ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას არ ნიშნავს. ხშირად სწორედ ასეთი პარტნიორობა ქმნის საფუძველს ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის, რომელთა შესრულება ერთი ქვეყნის რესურსებით ძალიან რთული იქნებოდა.

როგორც ქალ მეცნიერს, როგორ გესახებათ ქალების როლი თანამედროვე სამეცნიერო სივრცეში? 
დღეს ქალები მეცნიერების თითქმის ყველა სფეროში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. მათი წვლილი მუდმივად იზრდება და ვფიქრობ, ეს ძალიან ბუნებრივი პროცესია. მთავარია, ყველას ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების რეალიზებისთვის.

შეიცვალა თუ არა წლების განმავლობაში ქალთა შესაძლებლობები მეცნიერებაში? 
 დღეს ქალებისთვის გაცილებით მეტი შესაძლებლობა არსებობს როგორც განათლების, ისე სამეცნიერო კარიერის თვალსაზრისით. თუმცა ჯერ კიდევ საჭიროა იმ პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესება, რომლებიც პროფესიული და პირადი ცხოვრების ერთმანეთთან შეთავსებას გაამარტივებს. მიხარია, რომ დღეს სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ქალი ირჩევს ამ მეცნიერებას. მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ ისეთი პირობები და მხარდაჭერა, რომელიც პროფესიულ განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

თუმცა თუ ჩემს გამოცდილებაზე ვისაუბრებ, პირადად არასოდეს მიგრძვნია, რომ ქალობა პროფესიულ საქმიანობაში რაიმე დაბრკოლებას მიქმნიდა.

რა სირთულეების გადალახვა მოგიწიათ პროფესიულ გზაზე? 
ჩემი პროფესიული საქმიანობა 90-იან წლებში დაიწყო, როდესაც ქართული მეცნიერება ძალიან მძიმე გამოწვევების წინაშე იდგა. ეს იყო რთული პერიოდი როგორც ქვეყნისთვის, ისე სამეცნიერო სფეროსთვის. დაფინანსება ფაქტობრივად არ არსებობდა, ბევრი მეცნიერი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამეცნიერო ინსტიტუტები, ზოგმა კი საერთოდ ქვეყანაც დატოვა. მიუხედავად ამ გამოწვევებისა,  ჩემი პროფესიული გზა გავაგრძელე. ადვილი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ყოველთვის მჯეროდა, რომ მეცნიერებას ქვეყნის მომავლისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ამ სფეროს განვითარებაში თითოეულ ჩვენგანს თავისი წვლილი უნდა შეეტანა.
სწორედ იმ წლებმა მასწავლა, რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიის ერთგულება, მოთმინება და შრომა. განსაკუთრებით მიხარია, რომ ამ გზამ საბოლოოდ არაერთ საინტერესო პროექტამდე და პროფესიულ წარმატებამდე მიმიყვანა.

როგორ დაიწყო თქვენი ინტერესი გეოგრაფიისა და გარემოს კვლევის მიმართ?
არ მქონია ერთი კონკრეტული მომენტი, რომელმაც ჩემი პროფესიული გზა განსაზღვრა. გულწრფელად რომ გითხრათ, ამ სფეროში მოსვლა დიდწილად შემთხვევითობამ განაპირობა. ცხოვრებაში ხშირად ხდება, რომ ერთი შეხედვით შემთხვევითი არჩევანი მომავალ პროფესიად იქცევა და ჩემს შემთხვევაშიც სწორედ ასე მოხდა.
ძალიან მალე მივხვდი, რომ ეს იყო სფერო, სადაც საკუთარი თავი ვიპოვე. წლების განმავლობაში ამ პროფესიამ ბევრი საინტერესო შესაძლებლობა და  მნიშვნელოვანი პროექტი მომიტანა. ვფიქრობ, სწორედ ამ გამოცდილებამ კიდევ უფრო შემაყვარა ჩემი პროფესია და არჩევანის სისწორეში დამარწმუნა.

თქვენი კვლევებიდან რომელი მიმართულება მიგაჩნიათ განსაკუთრებით მნიშვნელოვნად საქართველოსთვის? 
ჩემი აზრით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსების, კლიმატის ცვლილების, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კვლევებს. ეს მიმართულებები ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული და პირდაპირ აისახება ქვეყნის მდგრად განვითარებაზე, ეკონომიკასა და ადამიანების ცხოვრების ხარისხზე.

ჩემი სამეცნიერო საქმიანობაც სწორედ ამ საკითხებს მოიცავს. სხვადასხვა პერიოდში ვმუშაობდი ჯანმრთელობისა და დაავადებების გეოგრაფიის, წყლის რესურსების,  ბუნებრივი სტიქიური პროცესების, კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის საკითხებზე.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო DTRA-ს მხარდაჭერით განხორციელებული საერთაშორისო კვლევა, რომელიც საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით შესრულდა. ამ პროექტის ფარგლებში სამხრეთ კავკასიაში ზოონოზოური დაავადებების გავრცელების ატლასი მოვამზადეთ. ვფიქრობ, ასეთი კვლევები ნათლად აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია გეოგრაფიული მეცნიერება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის.
ამასთან, ვარ გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის (UNCCD) სამეცნიერო კომიტეტის წევრი და აქტიურად ვმონაწილეობ საერთაშორისო სამეცნიერო სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში. ეს მაძლევს შესაძლებლობას, ერთი მხრივ, საერთაშორისო გამოცდილება გავიზიარო, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები საერთაშორისო სამეცნიერო დღის წესრიგშიც წარმოვაჩინო.
ფაქტობრივად, ყველა ის მიმართულება, რომელზეც ვმუშაობ, პირდაპირ უკავშირდება იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას.

კლიმატური და ეკოლოგიური გამოწვევების ფონზე, რა საფრთხეების წინაშე დგას დღეს საქართველო? 
საქართველო უკვე გრძნობს კლიმატის ცვლილების გავლენას, გახშირებულია ექსტრემალური ამინდის მოვლენები, იზრდება ბუნებრივი კატასტროფების რისკი, იცვლება წყლის რესურსები და ბიომრავალფეროვნება. სწორედ ამიტომ საჭიროა დროული სამეცნიერო კვლევები და შესაბამისი პრევენციული ნაბიჯები.

რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერების მონაწილეობა გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფორმირებაში? 
მეცნიერების მონაწილეობა გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფორმირებაში აუცილებელია. გარემოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს მეცნიერულ მტკიცებულებებს და არა მხოლოდ ვარაუდებს. სწორედ მეცნიერება გვაძლევს ობიექტურ ინფორმაციას, რომელიც სწორი და ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავების საფუძველია.

რომელი სამეცნიერო მიღწევა ან პროექტი გახსენდებათ განსაკუთრებული სიამაყით? 
თუ ერთი პროექტი უნდა გამოვყო, განსაკუთრებული სიამაყით მახსენდება საქართველოს ეროვნული ატლასის ინგლისურენოვან გამოცემაზე მუშაობა. ასეთი გამოცემის საჭიროება დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა, რადგან საქართველოს შესახებ სანდო და თანამედროვე კარტოგრაფიული ინფორმაცია უცხოელი მკვლევრებისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ იყო.

ატლასი გისენის უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით მომზადდა, ხოლო პროექტი გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააფინანსა. მისი პრეზენტაცია 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო გამოფენაზე გაიმართა, იმ წელს, როდესაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იყო წარმოდგენილი. ეს ჩვენთვის ძალიან ამაღელვებელი და საამაყო მომენტი იყო.

ატლასმა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში დიდი ინტერესი და დადებითი შეფასებები დაიმსახურა, მისი გავრცელება კი საერთაშორისო მასშტაბით, მათ შორის Amazon-ის პლატფორმის საშუალებით განხორციელდა.
განსაკუთრებით სასიხარულო იყო ისიც, რომ 2023 წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ ამ ნაშრომის რედაქტორები ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემიით დაგვაჯილდოვა. ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ ჩვენი გუნდის, არამედ მთლიანად ქართული კარტოგრაფიისა და გეოგრაფიული მეცნიერების მნიშვნელოვანი აღიარება იყო.

როგორი გინდათ იყოს ქართული მეცნიერება მომდევნო 20 წლის შემდეგ? 
მინდა, რომ ქართული მეცნიერება იყოს თანამედროვე, ძლიერი და საერთაშორისო სივრცეში ღირსეულად წარმოდგენილი. ძალიან მინდა, ახალგაზრდა მეცნიერებს აღარ უწევდეთ არჩევანის გაკეთება მეცნიერებასა და ღირსეულ ცხოვრებას შორის. ვისურვებდი, რომ ახალგაზრდა მეცნიერები საკუთარ მომავალს საქართველოში ხედავდნენ და მათი ცოდნა ქვეყნის განვითარებას ემსახურებოდეს. 
რას ეტყოდით ახალგაზრდა გოგონებს, რომლებიც მეცნიერებაში საკუთარი ადგილის პოვნას ცდილობენ? 
ვეტყოდი, არასოდეს შეეპაროთ ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში. თუ მეცნიერება ნამდვილად უყვართ, აუცილებლად უნდა გაჰყვნენ ამ გზას. შრომა, ცოდნა და მიზანდასახულობა ყოველთვის გამოიღებს შედეგს. მთავარია, არ დანებდნენ სირთულეებს და საკუთარი მიზნის ერთგულები დარჩნენ. 

და ბოლოს - რა გაძლევთ ყველაზე დიდ მოტივაციას დღესაც?ყველაზე დიდ მოტივაციას მაძლევს იმის შეგრძნება, რომ მეცნიერება მომავალს ქმნის. მიხარია, როდესაც ჩემი ცოდნა და გამოცდილება სასარგებლოა როგორც ქვეყნისთვის, ისე ახალგაზრდა თაობისთვის. სწორედ ეს პასუხისმგებლობა და მუდმივი განვითარების სურვილი მაძლევს ძალას, გავაგრძელო საქმიანობა.