წყლის დალევა ჭამის დროს, ან მის შემდეგ - ზაზა თელიას განმარტება
1761113555
საქართველოს სამედიცინო მეცნიერება წარმოადგენს სისტემურ, მრავალსაფეხურიან პროცესს, სადაც კვლევები იწყება თემატიკის შერჩევით და დამტკიცებით, გადის ექსპერიმენტულ და კლინიკურ შემოწმებას, ხოლო შედეგები მხოლოდ ხანგრძლივი კლინიკური კვლევისა და მრავალჯერადი შემოწმების შემდეგ ინერგება კლინიკაში. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბიოეთიკის დაცვას, ახალგაზრდული მკვლევრების ჩართულობასა და თანამედროვე სამეცნიერო რესურსების ხელმისაწვდომობას.
როგორ ხდება კვლევითი პრიორიტეტების განსაზღვრა, დაფინანსების მოპოვება, როგორია ახალგაზრდების ჩართულობა და მონიტორინგი? ამ და სხვა საინტერესო თემებზე აკადემიკოსი რამაზ ხეცურიანი გვესაუბრება.
- როგორ ხდება კვლევითი პრიორიტეტების განსაზღვრა?
- პრიორიტეტების განსაზღვრა საკმაოდ რთული და მრავალსაფეხურიანი საქმე გახლავთ. ქვეყნის სამეცნიერო პრიორიტეტები ძირითადად განისაზღვრება განათლების სამინისტროს მიერ. ამჟამად მიმდინარეობს ძირითადი პრიორიტეტების ჩამოყალიბება. ასე ვიტყოდი, ქვეყანას, რომელსაც განათლება და მეცნიერება თვითონ პრიორიტეტად არ აქვს მიჩნეული, ყველაზე მეტ ყურადღებას არ ამახვილებს ამ მიმართულებით და არ ცდილობს დააყენოს თანამედროვე რელსებზე, ხელი შეუწყოს მათ განვითარებას, ასეთ ქვეყანას მომავალი არ აქვს.
ჩვენთან დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ შეიცვალა მეცნიერების ფორმა, გეგმური მეცნიერებიდან გადავედით არა გეგმიურ, გრანტულად დაფინანსებულ მეცნიერებაზე, სადაც კვლევითი ინსტიტუტები არ ექვემდებარება აკადემიას და სამინისტროებს. კვლევითმა ინსტიტუტებმა თითქოს დამოუკიდებლობა მიიღეს, მაგრამ ისინიც მაინც გაერთიანებულნი არიან უმაღლეს სასწავლებლებთან. ამიტომ ძირითადი პრიორიტეტები განათლების სამინისტროს მიერაა შერჩეული, მაგრამ გარკვეული ხარვეზები გვაქვს ამ მიმართულებით.
ძირითადად ორი მიმართულება არის: თემატური და ფუნქციური პრიორიტეტები. თემატური პრიორიტეტები არის სამეცნიერო მიმართულებები, რომლებიც ქვეყნისთვის მთავარი გახლავთ. ფუნქციური პრიორიტებები ცალკეული დარგებია, რომლებიც ცვალებადი გახლავთ.
- რა სტრუქტურები ახორციელებენ სამეცნიერო პროექტების მართვას?
- სამეცნიერო პროექტები გეგმური მეცნიერების დროს განსხვავებულად იმართება. შესაბამისად დაფინანსება გრანტული წესით მიმდინარეობს. გრანტული წესით დაფინანსების შემთხვევაში ძირითადი სტრუქტურა, რომელიც ახორციელებს სამეცნიერო პრიორიტეტების შესრულებას და სამეცნიერო თემატიკაზე კონტროლს, გახლავთ „რუსთაველის ფონდი“, რომელიც განათლების სამინისტროს სტრუქტურაში შედის.
თვითონ რუსთაველის ფონდი აცხადებს კონკურსებს, რომლებიც მეცნიერული მიმართულებით შეესაბამება ქვეყნის პრიორიტეტებს. საკმაოდ რთული კონკურსის გავლის შემდეგ ფინანსდება თემატიკები სხვადასხვა მიმართულებით. ესენია: ქართველოლოგია, ისტორია, გამოყენებითი და ფუნდამენტური კვლევები, რომელშიც შედის დარგობრივი მიმართულებები, მათ შორის, მედიცინა, ფიზიკა, მათემატიკა და ა.შ. ამის გარდა, ფონდი ახალგაზრდა მეცნიერების განვითარების ხელშეწყობას და სამეცნიერო მუშაობაში ჩართვას აფინანსებს. აქვს სტიპენდიები დოქტორანტებისთვის, პოსტ დოქტორანტებისთვის შრომების გამოქვეყნებისთვის და მივლინების დაფინანსების მიმართულებაც.
რუსთაველის ფონდის გარდა, აუცილებლად აღსანიშნავია „ჰორიზონტი ევროპის“ პროგრამა, რომლის მისიაა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამაში ჩვენი ქვეყნის ჩართულობის გაძლიერება და ევროპულ კონსორციუმებში ქართველ კონკურსანტთა მონაწილეობის გაზრდა.
ორი კვირის წინ, საქართველოს ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა, „ჰორიზონტი ევროპის“ და აკადემიის ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია „ხელოვნური ინტელექტი განათლებასა და მედიცინაში“. გაოცებული ვიყავი, წარმოდგენილი შრომებითა და მიმართულებებით, რომლებიც სხვადასხვა სამეცნიერო დარგებში და ინსტიტუტებში ტარდება. დღეისათვის, ევრო გაერთიანებით 55 შრომა არის დაფინანსებული. აღსანიშნავია, ევრო გაერთიანებიდან დაფინანსება 2-3 შრომა 4 მლნ-თაც კი არის დაფინანსებული. შესაბამისად, მეცნიერს ყველანაირი ხელშეწყობა აქვს აწარმოოს შრომები.
- როგორია გრანტების მიღებისა და შეფასების პროცესი?
- ფონდი რუსთაველის საზოგადოება და „ჰორიზონტი ევროპა“ არის ძირითადი დამფინანსებელი სამეცნიერო შრომების. ფონდი ითხოვს პროგრამა წარდგენილი იყოს გარკვეული გეგმის მიხედვით. გეგმა უნდა მოიცავდეს: კვლევის მიზანს, ფორმა, ვინ ასრულება, რომელი ჯგუფია ჩართული, როგორია ხარჯვით ნაწილი, რამდენია დაფინანსება, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს შრომა. ეს ყველაფერი გადის შეფასების ეტაპს, სადაც მონაწილეობენ უცხოელი ექსპერტები და ქულებით ფასდება. არანაკლებ 45 ქულა უნდა დააგროვოს კონკურსანტმა, რომ დაფინანსება მოიპოვოს. დაფინანსება არის ერთ წლიანი, ორწლიანი და სამწლიანი.
- როგორ ხორციელდება მეცნიერების მონიტორინგი და შეფასება ინსტიტუციურ დონეზე?
- მონიტორინგი და შეფასება ორი სახის არის, შიდა და გარეთა. შექმნილია ორივე მონიტორინგის სტრუქტურა. მაგ: უმაღლეს სასწავლებლებში და კვლევით დაწესებულებებში არის ხარისხის კონტროლის სამსახური. ხარისხის კონტროლის სამსახური განათლების სისტემაში ემსახურება არა მხოლოდ სწავლების დონისა და სასწავლო პროცესის შეფასებას, არამედ აკონტროლებს და ამოწმებს სამეცნიერო საქმიანობის ხარისხსაც. სწორედ, ეს სისტემა წარმოადგენს შიდა მონიტორინგის სტრუქტურას, რომელსაც გააჩნია მკაფიოდ განსაზღვრული მოთხოვნები: ხდება ანგარიშგების მომზადება და წარდგენა, ტარდება შემაჯამებელი კონფერენციები, სადაც საბჭოები განიხილავენ და ისმენენ ამა თუ იმ კვლევის მიმდინარეობას.
რაც შეეხება გარე კონტროლს, ის განათლების სამინისტროს და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ ხორციელდება. ჩვენს განყოფილებაში არის ფიზიოლოგიის და მედიცინის კვლევები და მთელს რესპუბლიკაში ვუწევთ მონიტორინგს. წელიწადში ერთხელ წარმოდგენილი ანგარიშები ეგზავნება ექსპერტებს, აკადემიკოსებს, მოწვეულ ექსპერტებს და ფასდება ამ შრომების მიმდინარეობა ქულებით. აკადემიის საერთო კრების გადაწყვეტილებით ეგზავნება ქვეყნის მთავრობას რჩევის სახით თუ როგორ მიმდინარეობს ესა თუ ის კვლევა.
ასევე, ხდება მონიტორინგი იმ მასალების თუ სად და როგორ გამოქვეყნდა კვლევის პროდუქტი, როგორია მისი რეიტინგი. ჩვენთან არსებითი მნიშნველოვანობა აქვს ციტირების ინდექს ანუ როგორ არის ის ციტირებული მსოფლიო სამეცნიერო კვლევებში და პრესაში.
- რომელ სფეროებში მიმდინარეობს აქტიური კვლევები დღეს?
- მე, რომ ვთქვა, რომ სამეცნიერო კვლევები ზუსტად ისე მიმდინარეობს, როგორც ადრე, ეს სწორი არ იქნება. ჩვენს ქვეყანაში 70 კვლევითი ცენტრი და ინსტიტუტი არსებობდა, რომლებიც დარგების მიხედვით იყო დაყოფილი. მას შემდეგ, რაც ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ეს კვლევითი დაწესებულებები გამოვიდა აკადემიის შემადგენლობიდან დამოუკიდებელი არსებობისათვის. თუმცა, დამოუკიდებელი არსებობა ვერცერთმა ვერ შეძლო, რადგან დაფინანსების განსხვავებულ ფორმაზე გადასვლა იყო აუცილებელი და ამიტომ, ბევრი ისევ შეუერთდა უმაღლესს სასწავლებლებს, ნაწილი კი გაუქმდა. მაგალითად, ჯავახიშვილის უნივერსიტეტს და სამედიცინო უნივერსიტეტს თავისი კვლევითი ინსტიტუტები აქვს. ამ ინსტიტუტებში მიმდინარეობს კვლევები თითქმის ყველა მიმართულებით, მაგრამ იმ რაოდენობით არა, რაც ადრე იყო. არ არის სათანადო ბაზები, არ არის უზრუნველყოფილი სათანადო აპარატურით და ქიმიური ინგრედიენტებით. თუმცა, რა კვლევებიც ტარდება არის სიღრმისეული, მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი შედეგებიც არის თითქმის ყველა მიმართულებით. ეს იქნება მათემატიკა, კიბერნეტიკა თუ სხვა რომელიმე დარგი.
- რამდენად ხელმისაწვდომია თანამედროვე სამეცნიერო რესურსები?
- სამეცნიერო ლაბორატორიები, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა მათი გამოყენება გარკვეულ ფინანსებთან არის დაკავშირებული. საჭირო მომსახურებისა და რესურსების შესაძენად თანხა მიენიჭება მკვლევარს კონკურსის შემდეგ.
- როგორია ახალგაზრდა მკვლევრების ჩართულობის დონე?
- რა თქმა უნდა, დაინტერესებულ პირთა ჩართულობა აქტიურია. მაგალითად, სამედიცინო უნივერსიტეტში ყოველ კურსის დასრულების შემდეგ 15-დან 40-მდე, ზოგჯერ 60-მდე ახალი დოქტორანტურის ადგილი იხსნება. კონკურსში გამარჯვების შემდეგ კანდიდატები ირიცხებიან შესაბამის პროგრამებში. ამჟამად, ჩემი ხელმძღვანელობით სწავლობს ოთხი დოქტორანტი, ხოლო ერთ პოზიციაზე გამოცხადებულია კონკურსი.
- როგორ ხდება სამედიცინო კვლევების დაგეგმვა და განხორციელება?
- სამედიცინო სამეცნიერო კვლევის დაგეგმვას ხელმძღვანელი თავად ახორციელებს და განსაზღვრავს საკონკურსო თემას, რომელიც შემდგომ წარდგენილი უნდა იყოს საბჭოს სხდომაზე. საბჭოს დამტკიცების შემდეგ საკითხი განიხილება აკადემიურ საბჭოზე. გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გამოიყოფა შესაბამისი ადგილი და კანდიდატი აბარებს მისაღებ გამოცდას, რის შემდეგაც იწყებს კვლევაზე მუშაობას.
სამეცნიერო თემატიკა, როგორც წესი, წარმოადგენს იმ ტრადიციული კვლევითი მიმართულებების გაგრძელებას, რომლებსაც ცენტრი წლების განმავლობაში იკვლევს.
- რა გამოწვევები აქვს ბიოეთიკის დაცვას კვლევებში?
- კვლევების განხორციელებისას ბიოეთიკური ნორმების დაცვა აუცილებელი მოთხოვნაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ექსპერიმენტები ცხოველებზე ტარდება. სამეცნიერო კვლევებში ძირითადად გამოიყენება ვირთაგვები, რომლებიც სპეციალურად ექსპერიმენტული მიზნებისთვის იზრდებიან. ამ პროცესში მკაცრად იცავენ ყველა შესაბამის ეთიკურ ნორმასა და რეგულაციას.
- როგორ ერთიანდება სამედიცინო კვლევა პრაქტიკაში?- სამედიცინო სამეცნიერო კვლევის პრაქტიკაში დანერგვის პროცესი ხანგრძლივი და მრავალსაფეხურიანია. კვლევის პირველ ეტაპზე მიღებული შედეგები მოწმდება ექსპერიმენტულ ცხოველებზე, რის შემდეგაც ტარდება მათი გამოცდა ადამიანებზე. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შედეგების რეპროდუცირებადობას — ანუ, სხვა მკვლევრებმა ან ინსტიტუციებმა უნდა შეძლონ ანალოგიური კვლევის ჩატარება და იდენტური შედეგების მიღება. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება შედეგების სისწორისა და გამოყენებადობის შესახებ დასკვნის გამოტანა.დამატებით, მიღებული შედეგები გადის როგორც ექსპერიმენტულ, ისე კლინიკურ შემოწმებას. კლინიკური კვლევის ეტაპი ხშირად გრძელვადიანია და შესაძლოა 2-დან 6 წლამდეც გაგრძელდეს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კვლევის შედეგების კლინიკაში დანერგვის მნიშვნელობას.