შეიძლება თუ არა მარიამობის დღესასწაულზე სასაფლაოზე მისვლა - მართლმადიდებელი მღვდლის განმარტება
1787861694
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბანაკი სტუდენტებისთვის წარმატებით დასრულდა. მონაწილეებს სერტიფიკატები სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ გადასცა. წლევანდელ საერთაშორისო ბანაკში 6 ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, ყირგიზეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები) 60 ახალგაზრდა მონაწილეობდა.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საზაფხულო ბანაკებს 2023 წლიდან მართავს და ამ პერიოდის განმავლობაში 700-მდე ახალგაზრდას უმასპინძლა. ბანაკებში ისინი არა მხოლოდ ესწრებიან ტრენინგებსა და პრაქტიკულ ვორქშოფებს, არამედ სწავლობენ გუნდურ მუშაობას რეალური პრობლემების გადასაჭრელად. უცხოელი ახალგაზრდების ჩართულობა ხელს უწყობს მონაწილეებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და სამომავლო თანამშრომლობის განვითარებას. ყოველი ბანაკის თემა განსხვავებულია.
როგორც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე აცხადებს, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ქვეყნების კონკურენტუნარიანობას სულ უფრო მეტად განსაზღვრავს არა მხოლოდ ტექნოლოგიებზე წვდომა, არამედ ის, თუ ვის შეუძლია ამ ტექნოლოგიების შექმნა და რეალურ ეკონომიკაში გამოყენება.
"ჩვენი ამოცანაა, საქართველოში სწორედ ასეთი თაობა გავზარდოთ - ახალგაზრდები, რომლებსაც ერთდროულად ექნებათ ტექნოლოგიური ცოდნა, სამეწარმეო აზროვნება და საერთაშორისო გამოცდილება. ამ ბანაკში 6 ქვეყნის 60 სტუდენტი სწორედ ამ პრინციპით მუშაობდა - AI-ის ტექნოლოგიებიდან და კიბერუსაფრთხოებიდან, მის ბიზნესსა და სხვადასხვა ინდუსტრიაში გამოყენებამდე. საბოლოოდ, ჩვენი მიზანია, ასეთი ცოდნა გადაიქცეს ახალ პროდუქტებად, სტარტაპებად და საქართველოდან შექმნილ ტექნოლოგიურ წარმატების ისტორიებად," - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
საერთაშორისო პროგრამა ინგლისურენოვანი იყო. მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა შესავალი კომპიუტერულ ინჟინერიაში, ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ სწავლებაში, აგრეთვე კიბერუსაფრთხოება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, AI ანტრეპრენერობა, პრობლემების იდენტიფიცირება და სხვ.
ბანაკის მიზანი იყო სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით არსებული საერთაშორისო ტენდენციებისა და პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობების გაცნობა, შესაბამისი ტექნიკური, ანალიტიკური და სამეწარმეო უნარების განვითარება და AI-ზე ორიენტირებულ ტრენინგებსა და პრაქტიკულ ვორქშოფებში ჩართვა.