ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის კლინიკაში აქციაზე დაშავებული 15 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, რომელთაგან რვა დღეს გაეწერება

საავადმყოფო

ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის კლინიკაში აქციაზე დაშავებული 15 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. როგორც ინგოროყვას კლინიკის ნევროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა აღნიშნა, მათგან რვა პაციენტი კლინიკას დღეს დატოვებს.

„15 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. რვა პაციენტი დღეს დატოვებს კლინიკას. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია, ხოლო ხუთ პაციენტს გაუგრძელდება სტაციონარული მკურნალობა ჩვენს კლინიკაში“, – განაცხადა ნინო ხარაიშვილმა.

ექიმის ინფორმაციით, ასევე დამაკმაყოფილებელია ტელეკომპანია „ფორმულას“ ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„ორი პაციენტი მივიღეთ გუშინ ღამის განმავლობაში. ორივე მათგანის მდგომარეობა არის სტაბილური. აღენიშნებათ რბილი ქსოვილების ტრავმული დაზიანება და თავის ტვინის შერყევა. „ფორმულას“ ოპერატორის მდგომარეობას რაც შეეხება, არის დამაკმაყოფილებელი. ამ მომენტისთვის ჩივილებს არ წარმოადგენს. აქვს თავის ტვინის შერყევა და რბილი ქსოვილების მხოლოდ და მხოლოდ ექსკორიაციები, ზედაპირული დაზიანება. პაციენტებს სხვადასხვა ხარისხის ტრავმული დაზიანება აქვთ, როგორც რბილი ქსოვილების, ასევე ძვლოვანი სტრუქტურების, სახის ძვლების მოტეხილობისა და კანქვეშა ჰემატომების სახით“, – განაცხადა ნინო ხარაიშვილმა.