ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ 21 წლის პაციენტის მდგომარეობა, რომელიც კლინიკაში შუბლის ძვლისა და თვალის დაზიანებით შეიყვანეს, სტაბილურია

ინგოროყვას კლინიკა

ინგოროყვას კლინიკის ნევროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი ნინო ხარაიშვილი აცხადებს, რომ აქციაზე დაშავებული 21 წლის პაციენტის მდგომარეობა, რომელიც კლინიკაში შუბლის ძვლისა და თვალის დაზიანებით შეიყვანეს, სტაბილურია.

მისივე თქმით, პაციენტი ამ დროისთვის მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფება.

„21 წლის პაციენტი შემოყვანილია სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის ძვლის და თვალბუდის ზედა კიდის კედლის მოტეხილობით, შუბლის წილის კონტუზიური დაზიანებით. შესაბამისად, ამ მომენტისათვის თვალის კაკლების მთლიანობა ტრავმული დაზიანების გარეშე არის შენახული. თავის ტვინის გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევით. დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში, ჩაუტარდა დაზიანებული ფრაგმენტების ამოკვეთა. ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. სტაბილური პარამეტრებით აგრძელებს რეანიმაციაში მკურნალობას. ჩაუტარდა განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფია, უარყოფითი დინამიკის გარეშე.

პაციენტი შემოყვანილია დაახლოებით დილის ოთხ საათზე, შესაბამისად დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი საოპერაციო ბლოკში. პაციენტი ჰყვება, რომ მას ტრავმა მიღებული ჰქონდა რაღაც ბლაგვი საგნით, თუმცა შემდგომ დაკარგა გონება და დეტალებს ვერ აკონკრეტებს. ძირითადად იყო მიდრეკილი ძილიანობისკენ, მაგრამ იყო კონტაქტური. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ იყო შემოყვანილი. ამ ეტაპისთვის პაციენტის მდგომარეობა შეესაბამება მის პოსტრავმულ მდგომარეობას. იმყოფება მედიკამენტოზური ძილის ქვეშ, სტაბილური ჰემოდინამიკით. მართვით სუნთქვაზეა ბუნებრივად, რადგან იმყოფება მედიკამენტოზური ძილის ქვეშ“, – განაცხადა ნინო ხარაიშვილი.

ექიმის ინფორმაციით, ამ დროისთვის ინგოროყვას კლინიკაში 12 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.

„მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. აქვთ რბილი ქსოვილების და ძვლოვანი სტრუქტურების მსუბუქი დაზიანებები. ამ ეტაპისთვის ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია“,- აღნიშნა ექიმმა, ნინო ხარაიშვილმა.