იმერეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, შესაძლოა, თავდაცვის ძალები ჩაერთონ - მამუკა მდინარაძე

მამუკა

იმერეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში შესაძლოა, თავდაცვის ძალები ჩაერთონ - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ქუთაისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრას დეპუტატები, მუნიციპალიტეტების მერები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 "შევთანხმდით დღეს, რომ თავდაცვის ძალებს მივმართავთ, იმიტომ, რომ ბევრგან არა საბედნიეროდ, მაგრამ არის ისეთი ადგილები, სადაც შეიძლება თავდაცვის ძალების ჩართულობაც დაგვჭირდეს, იმიტომ, რომ 2 მეტრიან თოვლში ხშირად არის, რომ კი შეიძლება ელექტროენერგია ბევრს არა აქვს, მაგრამ სადაც არის - იქ გარეთაც ვერ გამოდიან და სახლში არიან ადამიანები, და იქ რაღაცების მიწოდება შეიძლება დაგვჭირდეს და ამას ცოცხალი ძალა უზრუნველყოფს. სამწუხაროდ არის მრავალი ოჯახი, რომელიც ჯერ კიდევ რჩება ელექტროენერგიის გარეშე. ასევე, ვესაუბრე "ენერგო-პროს" წარმომადგენელს, საიდანაც მივიღე ინფორმაცია, რომ არის მიუვალი ადგილები, სადაც დაზიანება ხდება. ბევრი დეტალია ისეთი, რომელიც საჭიროებს ცალკე გადაწყვეტას და ცალკე აღმოფხვრას, ამ რთულ პერიოდში მაინც რაღაცნაირად ვახერხებთ, რომ ეს პრობლემები ნელ-ნელა მოვაგვაროთ",  - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.