“იმავე დღეს, სასიკეთოდ შეიცვალა ჩემი ანალიზები… უთხრეს, კარგად ხარ, გამოკვლევა აღარ გჭირდებაო… ” - მამა გაბრიელის სასწაულები

mama gabrieli

26 აგვისტოს მამა გაბრიელის დაბადების დღეა.

ლოცვა, რომელიც შეგიძლიათ, ამ დიდი წმინდანის სახელზე, წარმოთქვათ.

"ყოველთა სენთა საკურნებელად, შეცოდებულთა სულთა გამომხსნელად, ყოველი ბოროტების შემმუსვრელად და შემაკავებლად გამოჩნდი, ღმერთშემოსილო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის."

გთავაზობთ, ღირსი მამა გაბრიელის სასწაულებს, რომელსაც "კარიბჭე" წერს: 

 2019 წლის 3 აპრილს ძილში ვიხილე წმიდა მამა გაბრიელ სალოსი. ეცვა თეთრი ფერის კვართი. რომ დავინახე, ხელები გაშალა და გადამეხვია, შემდეგ თავზე დამადო ხელი და დამლოცა: ქრისტე ღმერთმა დაგლოცოს და გაკურთხოსო. მე მორიდებით ვუთხარი: -მამა გაბრიელ ხშირად გაწუხებთ თხოვნით-მეთქი. წმიდა მამამ შემომხედა და მითხრა: „ქრისტეანობა არ არის შეწუხება“!... გამომეღვიძა... ვგრძნობდი დიდ სიმშვიდეს და სიხარულს.
მეორე დღეს ჩემი მეუღლე თურქეთში გაემგავრა ონკოლოგურ გამოკვლევაზე, რომელსაც ყოველ სამ თვეში იკეთებს. იქ უთხრეს: კარგად ხარ, გამოკვლევა აღარ გჭირდებაო.
მადლობა უფალს! მადლობა წმიდა მამა გაბრიელს.
ექიმი ზურაბ ვარაზი
7.04.2019 წ. ხარება

***
მყავს 14 წლის შვილიშვილი, რომელსაც მე-5 კლასამდე არც წერა-კითხვა შეეძლო და მათემატიკურ აზროვნებაშიც ჩამორჩებოდა. სამი წლის ბავშვს უფრო მეტი აზროვნება შეეძლო, ვიდრე ჩემს შვილიშვილს. ამის გამო შეწუხებული ვიყავი და ძალიან განვიცდიდი. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, რა გზით განმევითარებინა მისი გონება. და აი, მოხდა სასწაული! როცა მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სამთავროდან სამების ტაძარში გადმოაბრძანეს, წავიყვანე ჩემი შვილიშვილი ალექსანდრე გელაშვილი (რუსთავიდან) და ცრემლებით შევღაღადე მამა გაბრიელს, ბავშვზე მოეღო იმდენი წყალობა, რომ წერა-კითხვა მაინც ესწავლა. მოხდა სასწაული, ალექსანდრე დღეს წერს და კითხულობს. მათემატიკაშიც ხსნის ამოცანებს. დღეს მადლობის სათქმელად მოვიყვანე, დიდი რწმენა გაუჩნდა მამა გაბრიელისა და კვლავ ვთხოვთ და ვევედრებით უფრო მეტად გაუნათოს გონება, რომ ცხოვრებაში წარმატებული ადამიანი იყოს.
დიდება და მადლობა უფალს. დიდება მამა გაბრიელს.
ნარგიზა გელაშვილი. 2019წ,

***
ჩემო საყვარელო მამა გაბრიელ!
არ დავიღლები შენთვის მადლიერების გამოხატვაში. მე ცოდვილი ნინო, თუ ამ სიტყვებს ვწერ, შენი დამსახურებაა. 2013 წლის 26 მარტს მძიმე ბრონქოსპაზმით მოვხვდი რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში. 5 დღის მანძილზე ვიყავი უიმედო მდგომარეობაში „მუნჯი ფილტვის სინდრომით”. მხოლოდ მე-6 დღეს, როცა არსაიდან ხსნა და კურნება არ ჩანდა, მომიბრძანეს მამა გაბრიელის პიჯაკი, რომელიც 3 დღის განმავლობაში მეფარა. იმავე დღეს შეიცვალა სასიკეთოდ ჩემი ანალიზები. მომავალ კვირას კი, როგორც ჯანმრთელმა გამოვიღვიძე და ახლა მადლიერი ვწერ ამ სიტყვებს. მადლიერება ჩემს მამა გაბრიელს და ჩემს უფალ იესო ქრისტეს ჩემი და ჩემი შვილების გახარებისათვის.
Nინო კუცია
9/05.19.
(არის ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ექიმი ანესთეზიოლოგი)

***
2010 წელს, გორის რაიონის სოფელ შინდისში ჩვენს ოჯახზე უფლის წყალობა დაეშვა. მამა ავად გაგვიხდა. არანაირი წამალი არ კურნავდა. ექიმებიც ვერ შველოდნენ. ერთ ღამეს, სიზმარში ურჩიეს მოელოცა მამა გაბრიელის საფლავი. მართლაც წავედით მცხეთაში, მოვილოცეთ მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები.
იმ დღის შემდეგ მამას არაფერი ასტკენია. დღემდე ჯანმრთელია. მადლობა უფალს და მამა გაბრიელს ამ დიდი გამოჯანმრთელებისთვის.
მარიამ თვვარაძე
2019 წ. 3 ნოემბერი

***
2013 წელს გავიკეთე საყლაპავის, თეაქრისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაცია. ოპერაციის შემდეგ გამიკეთდა ნაღვლის ჯირკვლის ანალიზი, რომლის პასუხი იყო ასეთი: „კარცინომა” (ავთვისებიანი სიმსივნე). ეს დიაგნოზი დამისვა გამოცდილმა პროფესორმა (გვარი არ მახსოვს), რაშიც ეჭვის შეტანა არ შეიძლება. წამოსვლისას მან მითხრა, რომ ყურადღება მიმექცია. სახლში დავიწყე მკურნალობა ძვირადღირებული პრეპარატებით, ბალახეულსაც ვიყენებდი, მაგრამ არანაირი შედეგი-თავს ცუდად ვგრძნობდი. წონაში დავიკელი (12კგ). მირჩიეს ონკოლოგიურში მივსულიყავი. შწორედ ამ დროს გამახსენდა მამა გაბრიელი, რომლის საფლავზე უამრავი ადამიანი ინკურნებოდა. მის საფლავზე დავდე ჩემი ჯვარი და ზუსტად ერთი საათი ვილოცე... ამ დღის შემდეგ დამეტყო გაუმჯობესება, წონაშიც მოვიმატე, სიცოცხლის ხალისი დამიბრუნდა. გადავწყვიტე ანალიზი განმეორებით შემემოწმებინა და სინჯი გერმანიაში გავაგზავე. გამოკვლევა ვერ მოხერხდა, რადგან უკვე სამი თვე იყო გასული, მაგრამ ასე მითხრეს: თუ აქამდე არაფერი დაგემართა, ნუ გეშინიაო. მე ვიცი და მჯერა, რომ მამა გაბრიელმა განმკურნა და გამომაჯანმრთელა.
მადლობა მამა გაბრიელს!
თბილისი. გიორგი იაშვილი. 56 წლის.

***