გუმისთის ბრძოლის 32-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

თავდაცვა

გუმისთის ბრძოლის 32-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი გმირთა მოედანზე იმყოფებოდნენ. მათ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გუმისთასთან შეტაკებისას დაღუპული მებრძოლების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციითვე, გმირთა მოედანზე იმყოფებოდნენ ასევე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ვეტერანები და გუმისთის ბრძოლაში მონაწილე მებრძოლები.

„ქართული მხარისთვის აფხაზეთის ომში გუმისთის ბრძოლის ეპიზოდი ერთ-ერთი წარმატებული სამხედრო მოქმედება იყო. შეტაკება 15-16 მარტს მდინარე გუმისთის სანაპიროს გასწვრივ რვა კილომეტრიან ფრონტზე წარიმართა. შავნაბადას ბატალიონმა და სოხუმის სამხედრო პოლიციამ მოწინააღმდეგე ალყაში მოაქციეს და გაანადგურეს. ბრძოლაში განსაკუთრებული როლი არტილერიას ჰქონდა. 16 მარტს მოწინააღმდეგემ უკან დახევა დაიწყო და გუმისთა მთლიანად ქართულმა მხარემ დაიკავა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.