1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ჩემი ახლობელი 2 კვირაა ძიძას ეძებს, უშედეგოდ... გაოცებული იყო, ლამის მთელი საქართველო ძიძად და მოხუცების მომვლელადაა გადახვეწილი, აქ კი 1000 ლარს ვთავაზობ და თავს იკავებენო. მეორემ უთხრა – იმიტომ, რომ იქ მეტი ხელფასი აქვთო. ამან – ხელფასი რომ მეტი აქვთ, სამაგიეროდ, ოჯახის წევრების დატოვება არ უწევთ და ბავშვები მათ მზრუნველობასა და ალერსში ეზრდებათო…
გადავწყვიტე, საზღვარგარეთ სამუშაოდ გადახვეწილ რამდენიმე ადამიანს დავკავშირებოდი, მათი მონატრებითა და ტკივილით გაჟღენთილი ამბები მომესმინა, მერე კი ეს 1000 ლარიანი სამსახური შემეთავაზებინა.
„საქართველოდან აქ ჩამოსული ქალბატონი წერდა – სხვის შვილს ვუვლი ჩემი შვილის სარჩენადო“
პირველად, იტალიაში 47 წლის ხათუნას დავუკავშირდი. ის კარგა ხანს, მარტოხელა დედა იყო, ახლა უკვე 2 შვილიშვილის ბებიაა.
ხათუნა გელაშვილი: ახლა მილანში ვიმყოფები. 6 თვის წინ ჩამოვედი, რადგან საქართველოში არ მქონდა იმის პირობები, რომ ნორმალურად მეცხოვრა და ბანკის ვალი გადამეხადა. ბინა მაქვს ჩადებული…
– თბილისში სად მუშაობდით გამგზავრებამდე?
– ერთ-ერთ ოჯახში ძიძად ვმუშაობდი, 600 ლარს მიხდიდნენ, ბანკში კი ყოველთვიურად 598 ლარი უნდა დამეფარა, 10 წლის განმავლობაში. სულ 37 000 ლარი მაქვს ვალი. იტალიაში მეგობარი მყავს, რომელმაც პირველ პერიოდში მიმასპინძლა. ჩამოვედი რომ ჩემი ყოველთვიური გადასახადი წინსწრებით გადამეხადა, მაგრამ აქაც 2 თვის განმავლობაში სახლში ჯდომა მომიწია, ვალს ვალი დავუმატე და წინსწრებით ვერ ვიხდი, მაგრამ იმის შიში მაინც არ მაქვს, რომ საერთოდ ვერ გადავიხდი.
ბებიასთან ვმუშაობ, ოჯახში, თან მასთან ვცხოვრობ. აქ ცხოვრებისა და მუშაობის უფლების საბუთი აღებული მაქვს, თუმცა, ვინც ხელფასს მიხდის იმას, ანუ ჩემი მოხუცის შვილს, არ უნდა ჩემთან ხელშეკრულება გააფორმოს, იმიტომ, რომ საგადასახადო ხარჯებს არიდებს თავს…
– გამოდის, სიტყვიერად ხართ შეთანხმებული, არ გეშინიათ?
– არ მეშინია კი არა, საქმე მიფუჭდება. მე თუ არ დავფიქსირდი, რომ ამ თვეების განმავლობაში აქ ვმუშაობ, შესაძლოა, მომდევნო 6 თვე აღარ გამიგრძელონ აქ ყოფნის უფლება.
– მაშ რატომ დასთანხმდით?
– იმიტომ რომ სხვა გზა არ მქონდა, ენა არ ვიცოდი, ახალი ჩამოსული ვიყავი და გინდა-არ გინდა, როცა გიჭირს ყველაფერზე თანახმა უნდა იყო. ამაზეც მადლობელი ვარ ღმერთის. 900 ევრო მაქვს ანაზღაურება, კვირაში 2 დღე ვისვენებ, კვება უფასო მაქვს, კომუნალურ გადასახადს არ ვიხდი, არ მაქვს აკრძალული წყლის ზედმეტად მოხმარება, სინათლის ან გაზის ანთება… ბევრს ჭამის და ბანაობის უფლებას არ აძლევენ. ზოგი საკვებსაც თავის ხარჯებით ყიდულობს. სრულად