გივი მიქანაძე კოლეჯ „ჰორიზონტის“ ფილიალებს ეწვია

გივი მიქანაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე გურიის რეგიონში, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტის“ ფილიალებს ეწვია.

მინისტრმა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და თანამშრომლებს შეხვდა.

გივი მიქანაძემ კოლეჯის წარმომადგენლებთან პროფესიული განათლების პრიორიტეტულობაზე, ამ მიმართულებით განსახორციელებელ ინიციატივებზე ისაუბრა და მათგან არსებული გამოწვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია.

მინისტრთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ურუშაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

კოლეჯი „ჰორიზონტი“ გურიის რეგიონში ერთადერთი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში და ერთდროულად 1500-მდე პროფესიულ სტუდენტს ემსახურება.

„ჰორიზონტი“ მსურველებს ადგილობრივ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად გრძელვადიან სადიპლომო პროფესიულ პროგრამებს სთავაზობს. ამ ეტაპზე, კოლეჯის სამივე ლოკაციაზე ჯამში 48 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება.

კოლეჯი მსურველებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ თანამედროვე, პრაქტიკაზე დაფუძნებული განათლება და გამოიმუშაონ პროფესიული უნარები, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რეგიონში დასაქმების ზრდასა და ადამიანური კაპიტალის განვითარებას.

ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.