Exclusive: ირაკლი რუხაძე „რადიო თავისუფლების“ საქართველოს წარმომადგენლობის ოფისის შესყიდვას გეგმავს
1742384635
ღვინის ეროვნული სააგენტოს და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში ProWein Dusseldorf ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანია მონაწილეობდა.
გერმანიის ქალაქ დუსელდორფში გამართულ სამდღიან გამოფენაზე, ქართული ღვინის შეფასების შესაძლებლობა ღვინის პროფესიონალებს, კომერციული სექტორის წარმომადგენლებს და გამოფენის ათასობით სტუმარს მიეცა, რასაც საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისა და გაყიდვების ზრდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს გამოფენაში ProWein Dusseldorf საქართველოს მონაწილეობის საიუბილეო 25 წლისთავი აღინიშნა, რომლის ფარგლებშიც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანა აბულაძე, სააგენტოს და საელჩოს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, გამოფენის Prowein-ის დირექტორს, პეტერ შმიტცს შეხვდნენ. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა 25-წლიანი ორმხრივი თანამშრომლობა, მხარეებმა ასევე იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე.
გამოფენის ფარგლებში, პრესტიჟული გერმანული მედია ჰოლდინგის Meininger-ის კონფერენციაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მოეწყო ქართული ღვინის ბრენდირებული სტენდი, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანიის 300-მდე ბოთლი ღვინო, გაიმართა პროფესიული დეგუსტაცია, რომელსაც ქართული ღვინის ექსპერტი ინგე მაინცერი (Inge Mainzer) უძღვებოდა.
ProWein Dusseldorf-ზე გამართულ ქართული ღვინის კიდევ სამ დეგუსტაციას ცნობილი გერმანელი ინფლუესერი და სომელიე ტონი ასკიტისი (Toni Askitis) უძღვებოდა.
გამოფენის ფარგლებში, ლევან მეხუზლამ შეხვედრები გამართა ღვინის პროფესიონალებთან, სხვადასხვა მარკეტინგული კომპანიის, პარტნიორი ორგანიზაციისა და მედიაჰოლდინგის წარმომადგენლებთან.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.