1732262182
„გათიშული იპოვეს, ყველა რესურსი ამოწურულია...“ - კახა შამილს საზოგადოების თანადგომა სჭირდება
მოქალაქე ბექა კოკაია სოციალურ ქსელში წერს კახა შამილის შესახებ, რომელსაც საზოგადოების თანადგომა სჭირდება.
„ჩემი ბავშვობის ნახევარი ბორჯომში გავატარე და დღემდე მყავს ბორჯომში ბავშვობის ძმაკაცები.
კახა შამილი ერთ-ერთია. ზუსტად ჩემხელაა და ზაფხულობით როცა ჩავდიოდი არდადეგებზე, ერთ-ერთი პირველი კახა იყო, ვისთანაც მიმეჩქარებოდა.
დახუჭობანას და დამალობანას ასაკს რომ გავცდით, ფეხბურთს ვთამაშობდით ერთად სხვა უბნელებთან მაზიანზე, ლიმონათებზე.
ხანდახან მოწინააღმდეგეები მაგრამ ჟილკობდნენ და ჯერ ვჩხუბობდით, მერე ვრიგდებოდით და იმ მოგებულ ლიმონათებსაც ერთად ვსვამდით.
კახამ ჩხუბიც მაგარი იცოდა და ფეხბურთის თამაშიც. თუმცა, ჩხუბი დიდად არც ერთს გვიყვარდა. ამ დროს ალბათ მეგობრები უბრალოდ ერთმანეთს ვიცავდით.
კახას მამა აფხაზეთში დაიღუპა. ბიძაჩემთან, გიასთან ერთად იბრძოდა და ერთ ტანკში აფეთქდნენ. ბიძაჩემსაც და კობა შამილსაც 2-2 ბიჭი დარჩათ ობლად. ბევრი გაიზარდა ასე ბორჯომში, მაგრამ უბნის კაცები სულ ცდილობდნენ, უმამობა არ ეგრძნოთ ობოლ ბავშვებს.
მერე გავიზარდეთ. კახაც დაოჯახდა და ორი შვილი ჰყავს. რამდენიმე წლის წინ კახას დიაბეტი დაუდგინდა და მუდმივად მკურნალობდა.
ახლა გადავდივარ მთავარზე. მსგავსი პოსტი არასდროს დამიწერია, მაგრამ ახლა უნდა დავწერო. კახას დახმარება უნდა გთხოვოთ:
ახლა, წინასაახალწლოდ, კახა გათიშული იპოვეს. მას შემდეგ კომაშია. დიაგნოზია – ტვინის ქერქის ატროფია.
საავადმყოფოში მკურნალობის შემდეგ გამოწერეს, თუმცა ჯერ გონებაზე არ მოსულა. ოჯახმა და ოჯახის ახლობელმა ხალხმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს თვე-ნახევარი გადაეგორებინათ. თუმცა, დღემდე კახას რეაბილიტაცია ყოველდღიურად რამდენიმე ასეული ლარი ჯდება. 24 საათი ექთნების მონიტორინგი, ძვირად ღირებული სამედიცინო აპარატურის ქირა, ძვირად ღირებული მედიკამენტები, მასაჟები.
უკვე ყველა ფინანსური რესურსი ამოწურულია.
თან, პირველ დღეებთან შედარებით პროგრესი აქვს, რაც სწორი მკურნალობის შემთხვევაში გამოჯანმრთელების შანსს კიდევ უფრო ზრდის.
ექიმები ამბობენ, რომ კახას გადარჩენის შანსი 50/50-ზეა.
ძალიან გთხოვთ, მომეხმარეთ კახას გადარჩენაში. ბანალური ნათქვამია, მაგრამ თითო ლარსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
შეიძლება პოსტის დამატებით ერთმა გაზიარებამ თუ დამატებით ერთი ლარის ჩარიცხვამ შეასრულოს გადამწყვეტი როლი.
ყველაფერი მნიშვნელოვანია. ყველა თეთრი, ყველა წამი, ყველა აქტივობა.
#GE52BG0000000541397808 – საქართველოს ბანკი – იამზე გელაშვილი (კახას მეუღლე)
#GE04TB7256145061100131 – თიბისი ბანკი – მარიამ შამილი (კახას შვილი)“, – წერს ბექა კოკაია სოციალურ ქსელში.