მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა
1787824908
„ევროპის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ არა აქვს უფლება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს რაიმე სახის საგანმანათლებლო საქმიანობა, - აღნიშნულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცენტრის განცხადებით, სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმაზე აქტიურად ვრცელდება შეთავაზებები „ევროპის საერთაშორისო უნივერსიტეტში“ და საქართველოში სხვა არაავტორიზებულ დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვასთან დაკავშირებით.
„გაცნობებთ, რომ „ევროპის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ აქვს გავლილი ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესები. შესაბამისად „ევროპის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ არა აქვს უფლება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს რაიმე სახის საგანმანათლებლო საქმიანობა.
რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიიდან, უკრაინაში ან სომხეთში მდებარე უნივერსიტეტებში სრულად დისტანციური ფორმით უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას, მოგახსენებთ, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ აღიარებს სრულად დისტანციური ფორმით მიღებულ განათლებას. შესაბამისად, მსგავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სრულად დისტანციური ფორმით მიღებული განათლება და დიპლომები ცენტრის მიერ არ იქნება აღიარებული.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აბიტურიენტების ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე. საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე“, - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.