„ლოცვა, რომელიც დღეს უნდა თქვათ...“ - მიხეილ ცაგარელის რეკომენდაცია
1731312844
33 წლის გიორგი ბაღუშვილი ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტია, რომელიც საკუთარი შრომითა და ნიჭით ცხოვრებაში მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს.
დიჯეიმ, პროდიუსერმა, მომღერალმა და სიმღერების ავტორმა G Orgy-მ ელექტრონული მუსიკის ინდუსტრიაში, სადებიუტო სინგლი „Take Me Higher“ წარადგინა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. „პრაიმ ტაიმი“ გაგაცნობთ ემიგრანტ არტისტს, რომელმაც ამერიკაში მოღვაწეობა 9 წლის წინ დაიწყო. საკმაოდ რთული ეტაპები გაიარა, იმისთვის, რომ დღეს საკუთარ მიღწევებზე ესაუბრა.
- ცნობილი ფაქტია, რომ საზღვარგარეთ თვითდამკვიდრება ძალიან რთულია. თქვენ რა ეტაპები გაიარეთ და როდის წახვედით ამერიკაში?
- ამერიკაში 2015 წელს ჩამოვედი. პროფესიით ვარ არტისტი, მომღერალი, დიჯეი და კომპოზიტორი. თუმცა, ამავდროულად მაქვს სატრანსპორტო კომპანია, სადაც მყავს ჩემი სატვირთო და ვამუშავებ მძღოლს. ეს არის დამატებით შემოსავლის წყარო. ამერიკაში თავის დამკვიდრება მარტივი არ იყო, ყველაფრის ნულიდან დაწყება მომიწია, მაგრამ ჩემი მთავარი მოტივაცია და მიზანი იყო, საკუთარ თავში პროგრესის ნახვა, ყოველი წელი წინა წელთან შედარებით უკეთესი მქონოდა. ემიგრანტობის პირველი წლები ძალიან რთული იყო. მე და ჩემი ძმაკაცი, რომელთან ერთადაც ჩამოვედი, თავიდან ვმუშაობდით მინიმალურ ხელფასზე, ავეჯის გადაზიდვის სერვისში, ოფიციანტად, ოფიციანტის თანაშემწედ, მზარეულად, ტაქსის მძღოლადაც კი მიმუშავია და ეს უკვე მიღწევა იყო, რისთვისაც ძალიან დიდ ხანს ვშრომობდი.
მუსიკის სფეროს რაც შეეხება, მაიამიში ვმუშაობდი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ რესტორანში, მუსიკალურ ხელმძღვანელად, სადაც მყავდა ბენდი და მომღერლები, ვადგენდი რეპერტუარს, ვიყავი პროდიუსინგში და ვქმნიდი არანჟირებას. შესაბამისად, საავტორო შემოქმედებისთვის ნაკლებად მრჩებოდა დრო და ხალისიც, რადგან ძალიან გადატვირთული გრაფიკი მქონდა. ეს ყველაფერი ყოველდღიური რუტინული სამსახური გახდა და შემოქმედებითად დეგრადაციას განვიცდიდი, რის გამოც, წამოვედი სამსახურიდან. წამოსვლის შემდეგ ჩემი პირველი საავტორო ნამუშევარი გამოვუშვი სახელწოდებით Defender. გემოვნებიანი სიმღერა არის, მაგრამ რატომღაც, კომერციული არ აღმოჩნდა. ვმონაწილეობდი ორ დიდ ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე - Ultra Miami და EDC Las Vegas, თუმცა არა როგორც არტისტი, არამედ გახმოვანების მიმართულებით ვმუშაობდი, სადაც პროფესიულად კიდევ უფრო განვვითარდი. ასევე, ვუკრავდი კორპორაციულ და სხვადასხვა ღონისძიებებზე. ამჟამად, ჩემს პარტნიორ, რომა გიორგაძესთან ერთად ვმუშაობ ელექტრონული მუსიკის პროექტის G Orgy-ის შექმნაზე, რაზეც ძალიან დიდი გათვლები გვაქვს.
- როდის აღმოაჩინე მუსიკის ნიჭი?
- დაწყებით კლასებში აღმოვაჩინე, რომ მქონდა მუსიკალური სმენა, რასაც მასწავლებლებიც ამჩნევდნენ. ვმონაწილეობდი ზეიმებზე, მქონდა სოლო პარტიები. მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ დაბადებული მუსიკალურ ოჯახში, სადაც 24 საათი მღერიან და უკრავენ, ჩემს ოჯახშიც არსებობდა მუსიკალური გემოვნება, კარგი მსმენელები არიან და ყოველთვის ვუსმენდი გემოვნებიან მუსიკას, რამაც ჩემს მუსიკალურ შესაძლებლობებზე გავლენა მოახდინა. ვსწავლობდი გიტარაზე და ფორტეპიანოზე დაკვრას, დავდიოდი ვოკალზე, 16 წლის ასაკში უკვე მივხვდი, რომ მუსიკა იყო „ჩემი“.
- რა არის შენი ცხოვრების დევიზი?
- სხვასთან შედარება არ მიყვარს, რადგან ეს შეიძლება სწორი არ იყოს. ამიტომ ჩემი ცხოვრების დევიზია - იყავი შენი თავის უკეთესი ვერსია, ვიდრე იყავი გუშინ, ასე უფრო მარტივია მიზნების მიღწევა.
- როგორც აღნიშნე, მუშაობ ახალ პროექტზე, როგორ შეარჩიეთ სახელწოდება G Orgy და როგორია სამომავლო გეგმები?
- პროექტზე მუშაობა რომ დავიწყეთ, დიდხანს ვფიქრობდით სახელწოდებაზე. სწორედ ამ დროს, ჩემმა ამერიკელმა მეგობარმა მითხრა, რაღაც მინდა გითხრა და იმედი მაქვს, არ მიწყენო. „შენი სახელი ჩემთვის ასოცირდება როგორც G და ორგია“-თანო. G კიდევ ურბანულ ამერიკულ ინგლისურში შეიძლება ბევრ რამესთან ასოცირდებოდეს. 9 წელია, რაც ამერიკაში ვარ და იმდენჯერ მაქვს მოსმენილი, როგორ მეძახიან ამერიკელები G Orgy-ის , ყურადღება არასდროს გამიმახვილებია, თუმცა მეგობრის ნათქვამის შემდეგ დიდხანს ვფიქრობდი და გადავწყვიტეთ, პროექტისთვის სწორედ G Orgy დაგვერქვა. ელექტრონულ მუსიკაში, G Orgy-ის "Take Me Higher " - არის სადებიუტო საავტორო ნამუშევარი, რასაც ძალიან დიდი გამოხმაურება და პოზიტიური კომენტარები მოყვა, როგორც ცნობილი არტისტებისგან, ასევე მათი მენეჯერებისგან.
პირველი მახსენდება, ელექტრონული მუსიკის ინდუსტრიის ერთ-ერთი ლეგენდა ტიმი ტრამპეტი, რომელმაც ჩემი ნამუშევარი დადებითად შეაფასა. ასევე, ძალიან კარგი შეფასება მქონდა მარტინ გარიქსისგან, ის იყო ინსპირაციის ერთ-ერთი წყარო... აქვე უნდა აღინიშნოს, რომ “Take Me Higher " სიმღერის, მთლიანად ალბომის კომპოზიტორი და არანჟირების ავტორი რომა გიორგაძეა, მე ტექსტის ავტორი და არტისტი გახლავართ. ეს დასაწყისია და რა თქმა უნდა, მსმენელს ბევრ საინტერესო სიახლეს ვპირდებით.