„გაფრინდი ჩემო გოგო ზეცაში და შეუერთდი ანგელოზებს“ - ლიზი მოისწრაფიშვილს დღეს დაკრძალავენ

ლიზი მოისწრაფიშვილ

11 აგვისტოს, ბათუმი უმძიმესმა ტრაგედიამ შეძრა. ცნობილი რეჟისორის ნანა ახვლედიანის ერთადერთი შვილი კორპუსიდან გადმოვარდა და დაიღუპა. ლიზის ერთი გოგონა, 11 წლის ნიცა დარჩა... თვითონაც დედისერთა იყო.

ახალგაზრდა გოგოს, 15 აგვისტოს, დიდი ბაბუის,  ბათუმის თეატრის მსახიობის, გიორგი (ჟორა) ახვლედიანის გვერდით დაკრძალავენ.

ლიზი მოისწრაფიშვილი სხვადასხვა დროს იყო მაუწყებლის თანამშრომელი, და ერთ-ერთი გამორჩეული სახე.

ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან.

„ჩემო ფერია! შენ ბავშვობიდან იყავი ნამდვილი პრინცესა და ამას ყოველი ჩვენი საუბრისას გეუბნებოდი.

შენ არ დადიოდი დედამიწაზე, შენ დაფრინავდი, დაფრინავდი და ამშვენებდი ჩვენს ქალაქს, პოდიუმს, სამყაროს. შენ ჩემი ლამაზი სამყაროს შეუდარებელი ფერია ხარ და ასე იქნება მუდამ.

შენ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოგო იყავი, ხარ და იქნები.

სილამაზე არ გარდაიცვლება, სილამაზე მარადიულია, სიყვარული მარადიულია, ვერ ვპოულობ ხსნას რომ გავიგო რატომ გაფრინდი ამჯერად გაუგებრად და რატომ დაფრინდი ისე, როგორც შენ არ შეგეფერება.

ვეხვევი შენ ლამაზ სხეულს, შენ გულს, შენ შინაგან სამყაროს, შენ ლამაზ მზერას. გაფრინდი ჩემო გოგო ზეცაში და შეუერთდი ანგელოზებს.

უფალმა ნათელში ამყოფოს შენი სული. ნანა! არ დავიშურებ არაფერს, რომ შენში დავაბრუნო სიცოცხლე! მიყვარხარ“, - წერს დიზაინერი გოგა ნიქაბაძე სოციალურ ქსელში.

ლიზიმ უმაღლესი განათლება ხელოვნების უნივერსიტეტში, ხელოვნებისა და კულტურის მენეჯმენტის მიმართულებით მიიღო, რის შემდეგაც კარიერა წარმატებით გააგრძელა როგორც სამოდელო სფეროში, ისე ტელესივრცეში.

"ბათუმელების" არქივში ინახება ახალგაზრდა ჟურნალისტისა და მოდელის, ლიზა მოისწრაფიშვილის ინტერვიუ. იმ დროს ლიზა ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებდა და დედობისთვის ემზადებოდა.