ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრმა, პროგრამა „კომპასის“ შედეგები შეაჯამა

შეხვედრა

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრმა, პროგრამა „კომპასის“ შედეგები შეაჯამა. კონფერენციაზე „დამოკიდებულებათა პრევენცია მოქმედებაში“, ცენტრის წარმომადგენლებმა, სხვა მონაწილე მხარეებთან ერთად, იმ გამოცდილებასა და შედეგებზე ისაუბრეს, რაც პროექტის ორი ეტაპის, „კომპასი 1“-სა და „კომპასი 2“-ის განხორციელებას მოჰყვა.

პრევენციული პროგრამა „კომპასი“, საქართველოს სკოლებში, 2018 წლიდან მიმდინარეობს და პრევენციული ხასიათის, საგანმანათლებლო აქტივობებს ითვალისწინებს. პროექტის მიზანია მოზარდებში ფსიქო-აქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენცია, მასწავლებელთა და მშობელთა შესაბამისი კომპეტენციის ამაღლება.

პირველ ეტაპზე, პროგრამაში საქართველოს 10 სკოლა ჩაერთო - მოსწავლეები, მათი მშობლები და პედაგოგები ინტერაქციულ გაკვეთილებში მონაწილეობდნენ და სპეციალურად მომზადებულ დავალებებს ასრულებდნენ. პროექტი და მის ფარგლებში დაგეგმილი პრევენციული ხასიათის ღონისძიებები კვლავ გაგრძელდება. პროგრამა „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“, პოლონეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის ეროვნული გეგმის, პოლონეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „ფონდ პრაესტერნოს“ და „პოლონეთის ნარკომანიის პრევენციის ეროვნული ბიუროს“ მხარდაჭერით მიმდინარეობს.

ღონისძიებას ესწრებოდა  საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორის მ/შ ლადო შელია,  ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორი ლაშა კილაძე,  თბილისის კლასიკური გიმნაზიის წარმომადგენელი გიორგი ვერულაშვილი.