ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ბავშვების - დამაკმაყოფილებელი

სასწრაფო

ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა კვლავ უმძიმესია.

როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია და მართვით სუნთქვაზე რჩება.

ქაშიბაძის თქმით, მამაკაცს სხეულის 87% აქვს დამწვარი. მას ასევე აღენიშნება სასუნთქი გზების დაზიანება და ბაროტრავმა.

აფეთქებისას დაშავებული ორი ბავშვი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს.

კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის თქმით, ორივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

11 წლის ბიჭი რეანიმაციის განყოფილებაშია, 3 წლისა და 9 თვის გოგონა კი - პედიატრიის განყოფილებაში.

გოგონას მარცხენა მუხლის მსუბუქი ტრავმა აქვს და სამედიცინო ჩარევა არ დასჭირვებია.

„გოგონა თავიდანვე კონტაქტური იყო და ამ ტრაგედიის თითქმის ყველა დეტალს იხსენებს“, - ამბობს ექიმი.

დღეს, 20 ნოემბერს ბავშვების მკურნალობაში ფსიქოლოგიც ჩაერთვება.

„რაც შეეხება გაწერის საკითხს, ბუნებრივია, ამ ეტაპზე ამაზე საუბარი ნაადრევია“, - განაცხადა ჭელიძემ.

✕