ესმა კუნჭულია: „მაწვნის და ხინკლის ომი“ - ანუ რა მნიშვნელობა აქვს ერის კულტურაში კვების კულტურას

esma kunwulia

ბოლო რამდენიმე დღეა სომხური „მაცუნი“ სოციალურ ქსელში დიდი განხილვის თემაა. ზოგი ამბობს, რომ ქართულ მაწონს სომხური „ფესვები“ აქვს და ეს სიტყვაც ნასესხებია მეზობელი ქვეყნიდან. ზოგიერთისთვის კი კატეგორიულად მიუღებელია ქართული რძის ნაწარმის სომხური წარმომავლობა.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთმა სომხურმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველომ აკრძალა სომხური წარმოების რძის პროდუქტის „მაცუნის“ ტრანზიტი. არა და ეს ფაქტი გასული წლის ზაფხულში მოხდა, როდესაც რძის პროდუქტით „მაცუნით“ დატვირთული სომხეთიდან მომავალი ტრაილერი, რომელსაც პროდუქტი საქართველოს გავლით რუსეთში უნდა გადაეტანა, ქართველმა მებაჟეებმა ქვეყნის ტერიტორიაზე არ შემოუშვეს. რატომღაც მეზობელი ქვეყნის მედიას ეს ფაქტი ახლა გაახსენდა.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ საქართველომ 2012 წელს დააპატენტა სახელწოდება „მაწონი“. ეს კი იმას გულისხმობს, რომ სხვა ქვეყანა იდენტური ან მიმსგავსებული სახელით პროდუქტის ექსპორტს ვერ შეძლებს იმ ქვეყნების ტერიტორიებზე, სადაც ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ქართული გეოგრაფიული აღნიშვნებია დაცული. ასეთი შეთანხმება კი საქართველოს ჯერჯერობით გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, უკრაინასთან, დიდ ბრიტანეთთან და შვეიცარიასთან.

მანამდე კი „ვირტუალური ომი“ ხინკლის წარმომავლობაზე გაიმართა. საიდან მოდის მაწონი, აქვს თუ არა ამ პროდუქტს სომხური წარმომავლობა და რატომ გახდა ეს თემა სადავო? და ზოგადად, რა მნიშვნელობა აქვს ერის კულტურაში კვების კულტურას ამ საკითხთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ „გასტრონომიული კულტურის მუზეუმის“ დამფუძნებელს, კულტუროლოგსა და ლინგვისტს, ესმა კუნჭულიას ესაუბრა.

„მაწვნის ომამდე ფეისბუკ - სივრცემ ხინკლის ომი გადაიტანა... გაუგონარი აგრესიის და ცინიზმის ქარბორბალა ატყდა. აგრესია და ცინიზმი კი, არცოდნიდან მოდის. ჯერ გეტყვით - რა მნიშვნელობა აქვს კვების კულტურას ნებისმიერი ერისთვის.

მე ხშირად ვიმეორებ აკაკი ბაქრაძის სიტყვებს, რომელიც ვახტანგ ჭელიძის წიგნის - „ქართლის ცხოვრების“ შესავალს დაურთო, ლამის 50 წლის წინათ: „ქართველმა კაცმა ამირანის თხზულებაც შექმნა და უფლისციხეც ააშენა. ვაზის ნაირ-ნაირი ჯიშებიც გამოიყვანა და ვეფხისტყაოსანიც“ დაწერა, კლდეში ვარძიაც გამოკვეთა და საცივიც მოიგონა, სვეტიცხოველიც ააგო და სულგუნიც დაამზადა. დიახ, სრულიად შეგნებულად ვახსენე ერთმანეთის გვერდით ერთი შეხედვით არსებითად განსხვავებული საგნები, ვარძია და საცივი, სვეტიცხოველი და სულგუნი. სულგუნისა და საცივის მომგონებელი ისეთივე ნიჭიერი კაცი იყო თავის საქმეში, როგორც „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი. ვინც სულგუნს და საცივს ამზადებდა, ისევე ინახავდა საქართველოს, როგორც დიდგორს გამარჯვებული მხედრები. როცა ჩვენი ხალხის შესახებ ვლაპარაკობთ, ფართო გაგებით მის ისტორიას ვყვებით, ყველაფერი უნდა აღინუსხოს და აღიწეროს. აქ ჩანს სწორედ ხალხის შემოქმედების სული“.

ყოფისა და კვების კულტურა რომ ერის კულტურის მთლიანობის ნაწილია, ამაზე XIX საუკუნიდან ალაპარაკდნენ ქართველი მეცნიერები. ივანე ჯავახიშვილმა კი, 1935 წელს, ცალკე გამოსცა წიგნი, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჭამა-სმაზე მთხრობელთა ჩანაწერებია გამოქვეყნებული. სამწუხაროდ, ბევრნი დღემდე ერის სამზარეულოს არა კულტურად, არამედ „პოვრობად“ აღიქვამს. მე კულტუროლოგი და ლინგვისტი ვარ, მაგრამ „გასტრონომიული კულტურის მუზეუმი“ იმიტომ დავაფუძნე, რომ ამ საოცრად ფაქიზი და გემრიელი საქმის ისტორიის ყველა ღირსება მეცნიერულად შეგვესწავლა და არაფერი დაგვეკარგა. იცით, ამასწინათ, ჩემი ერთი პოსტის ქვეშ, სადაც ჩემი კვლევა გამოვაქვეყნე - რა მიაწერა ერთმა ცნობილმა ადვოკატმა, რომელიც პირადად არ მიცნობდა? „ვახ, რა კარგად წერს ეს ესმა, პოვარია თუ სოკრატეო“? ანუ წინადადებაში ჩანს  - მთავარი პრობლემა. გასტრონომიული კულტურა კვლავ  ასოცირება „პოვარობასთან“ - საბჭოთა დროის გადმონაშთ სიტყვასთან და გამოხატავს კნინობით დამოკიდებულებას ამ დარგთან.

ორი სიტყვით გეტყვით: ფრანგს, რომ ბაგეტზე, იტალიელს პიცაზე და ბალზამიკოზე, ესპანელს ხამონზე ან ნებისმიერ ერს ნებისმიერ ეროვნულ კერძზე რომ ვუთხრათ, რა დროს ამაზე საუბარიაო, 21-ე საუკუნეა, მასკი მარსზე მიფრინავსო, აუცილებლად გავაბრაზებთ. შეურაცხყოფად მიიღებენ... ერის მიერ შექმნილი გემო და არომატი - ერის მეხსიერების ადგილია. „ერის მეხსიერების ადგილის“ რკვევა სამზარეულოსთან ერთად დაიწყეს ფრანგმა კულტუროლოგებმა 1970-იან წლებში. მანამდე ფრანგებიც ასეთ დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ ეროვნულ სამზარეულოს - როგორც კულტურას. ფრანგულ სამზარეულოში რევოლუცია სწორედ ამ დროს მოხდა. ფრანგმა ისტორიკოსმა პიერ ნორამ, საფრანგეთის „მეხსიერების ადგილების“ კვლევაში გასტრონომიაც შეიყვანა. 2011 წელს კი მოხდა პრეცედენტი - იუნესკომ პირველად აღიარა არამატერიალურ კულტურის ძეგლად „ფრანგული ვახშმის მანერა“.  მერე 2013 წელს ქართული ღვინის ქვევრში დაყენების მეთოდი შევიდა იუნესკოს არამატერიალურ ძეგლთა სიაში. მერე და მერე ბევრი ერის კვების კულტურა იქცა ძეგლად. მაწვნის და ხინლის ომი მონაგონია, რაც „ლავშმა“ გადაიტანა... იუნესკომ 2-ჯერ შეიტანა კორექტურა ამ საკითხში.

მოკლედ, შევთანხმდით, რომ მაწონიც, სულგუნიც, საცივიც და ხინკალიც „ერის მეხსიერების ადგილია“, რომელიც ისეთივე ღირებულია ჩვენთვის - როგორც გელათი და სვეტიცხოველი. ახლა მაწონზე გეტყვით. კრიტიკული თვალით რომ შევხედოთ კერძებს ავტორი და მესაკუთრე წესით არ უნდა ჰყავდეს, რადგანაც დედამიწაზე ყველა გემო და არომატი მოგზაურობის შედეგია. ადამიანმა მხოლოდ 8 000 წლის წინათ დაიწყო საკვების თავისი ხელით მომზადება, მანამდე ადამიანი იყო შემგროვებელი.

და აი, როცა - ნეოლითის ეპოქაში, ანუ ახალი ქვის ხანაში - ადამიანმა საკუთარი ხელით დაიწყო მომზადება, ანუ უმი და სისხლიანი კი არ ჭამა, მოხრაშა და სადილი მოამზადა, მას შემდეგ შეიქმნა კვების კულტურა. მაგრამ კერძების შექმნა არ მომხდარა ჩაკეტილ სივრცეში. წინარე ადამიანებიც მოგზაურობდნენ, იპყრობდნენ სხვა მიწებს, ეცნობოდნენ იქაურს, ითვისებდნენ სხვისას. გადაჰქონდათ და გადმოჰქონდათ გემოები, სუნელები, რეცეპტები, არომატები. ქართული გემოებიც სხვათა გემოების ნაზავია, რაღაც სხვისგან ვისწავლეთ, რაღაც ჩვენგან გადაიღეს, მაგრამ საბოლოოდ ჩვენი, ქართული „პირის გემო“ დავსვით.

რაც შეეხება მაწონს - რეალურად მაწონს ავტორი არც უნდა ჰყავდეს - სადღაც ოდესღაც, უხსოვარ დროში - ყოველგვარი ავტორობის გარეშე - ამჟავდა რძე და შედედდა მაწვნად. ეს მოხდა ყველგან დედამიწის ზურგზე - რადგანაც რძე იყო ყველგან და რძე ყველგან დედდება. მაგრამ ნახეთ, აქ მაწვნის ომი განსაკუთრებით რაზეა? სიტყვა მაწონზე და მაწვნის შედედების უკვე შედარებით დახვეწილ და არც ისე უხსოვარ ტექნოლოგიაზე.

ფეისბუკზე ნაწილი ამტკიცებდა, რომ სიტყვა მაწონი მოდის სომხური ენიდან და „მაცუნ“ სომხური ზმნის - „დამჟავებისაგან“ წამოსულია და შესაბამისად მაწონი სომხურიაო. სულ ცოტა ლინგვისტური ცოდნა და გონებამახვილობა და აქვე გაქვთ ქართველური ენების ორი უძველესი - მეგრული ენა და სვანური ენა და მაწონი მეგრულად და სვანურად  არის „მარწვენი“. და თუ სომხურად „მაცუნ“ დამჟავებაა, ქართულად „მწნილიც“ მჟავეა და ეს სიტყვა აქაც იგივე პროცესს გამოხატავს. გუშინ ენათმეცნიერმა, პროფესორმა მიშა ლაბაძემ საკუთარ ფეისბუკზე ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა: „მაწონი" ძირეული ქართული სიტყვაა — მისი ამოსავალი ფორმაა "ძმარ-წვენი" ანუ "დამჟავებული წვენი / სითხე". ამოსავალ ფორმასთან ახლომდგომი ვარიანტი შემონახულია მეგრულში — მარწვენი და სვანურში — მარწვენ. ლაზურად მაწონს ამჟამად ჰქვია „თანი“. ეს სიტყვა ნასესხებია ხემშილების სომხური დიალექტიდან.

ლაზურშივე არის სხვა სიტყვაც — მეყვაფერი // მევაფერი // მეჲაფერი (სიტყვასიტყვით: „მიყოფილი“ ანუ „შეზავებული"); ის ძირეულია, თუმცა დღეს უკვე ნიშნავს "ნივრიან მაწონს".

ხედავთ, რა ხდება? სიტყვები ჰყვებიან ამბებს - სიტყვები-კოდებია და ამ კოდების ახსნით მივდივართ ამა თუ იმ კერძის სამშობლოსთან. მაგრამ მაწვნის შემთხვევაში, არსებობს კიდეც - მაწვნის შედედების ტექნოლოგიაც. როგორც ბიოლოგები ამბობენ, ქართული მაწვნის დედოს და მაწვნის შედედებას ჰქონდა საკუთარი ტექნოლოგია - ეს არის შედედების დრო - 3-4 საათი და ამ დროს ამოქმედებული ბაქტერიები.  ანუ მაწონი განსაკუთრებით სასარგებლოა, როცა ახალ - შედედებულია და ამ დროს ის ბაქტერიები მოქმედებს, რომელიც ორგანიზმისთვის განსაკუთრებით მარგებელია. ამ ტექნოლოგიით ადედებდა ქართულ მაწონს ემიგრაციაში წასული დამოუკიდებელი საქართველოს გენერალი გიორგი კვინიტაძე. 1930-იან წლებში ვისაც პარიზში ველოსიპედიანი და მაწვნის ქილებიანი კაცი უნახავს, არც კი იცოდა, რომ ეს იყო გენერალი კვინიტაძე. დიახ, მან მემუარებში დაწერა - გადაეცით ქართველებს რომ ქართველი გენერალი პარიზში მაწონს ჰყიდდაო. 2009 წელს მე ჩავწერე გენერალი კვინიტაძის ქალიშვილი ნინო კვინიტაძე, საფრანგეთში, დაბა შატუში და მან მიამბო, რომ მამისაგან ერთმა ცნობილმა იოგურტების კომპანიამ იყიდა ქართული მაწვნის შედედების საიდუმლო რეცეპტი და დღემდე ამ ტექნოლოგიით უშვებენო. გაიხსენეთ, კინო „ფესვები“, იქ გენერალი კვინიტაძის ამბავია - რა არის მაწონი? „რძე და ცოტა ფირმის საიდუმლო“. დიახ, ეს ფირმის საიდუმლოა ქართული მაწვნის ამბავი.

ყველაზე მთავარი: ქართველები ხომ ყველგან ვაგვიანებთ; დაგვიანების ამბავი ლეგენდაშიც ჩავდეთ: ღმერთთანაც დავაგვიანეთ და ღვთისთვის „გადადებული“ მიწა შეგვხვდა, მაგრამ მაწვნის შემთხვევაში არ დაგვიგვიანია - 10 წლის წინ, მეყველე - მკვლევარის ანა მიქაძე - ჩივაიძის დიდი მოწადინებით მაშინდელმა სოფლის - მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა საქართველოს სახელით დააპატენტეს „მაწონი“ და რამდენიმე უძველესი ქართული ყველი. დაპატენტება მარტივი საქმე არ არის - მთელი კომისია ესწერება, კითხეთ საქ.პატენტს...

მინდა გაგახაროთ, რომ „გატსრონომიული კულტურის მუზეუმი“, „ქართული ყველის ასოციაცია“ და ენათმეცნიერი, პროფესორი მერაბ ჩუხუა ვმუშაობთ და ძალიან მალე წარმოგიდგენთ საინტერესო აღმოჩენას. ჩვენ გავაცოცხლებთ 8 000 წლის ასაკის სიტყვას - რომელიც წინარე ქართულიდან გადავიდა წინარე ინდო - ევროპულში და ეს სიტყვა ამტკიცებს, რომ საქართველო ყველის და რძის ნაწარმის ერთ-ერთი სამშობლოც არის. ეს სიტყვა არის „კვეთი“, რომელიც დაიკარგა ბევრ ინდო - ევროპულ ენებში და ქართველურ ენებში ბოლომდე მყარად დგას ყველის მომზადების მეხსიერებასა და ტექნნოლოგიაში. და იცოდეთ, როგორც ვამაყობთ ქართული ღვინის სამშობლოთი, ასევე შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი ყველის სამშობლოთიც.

„ხინკლის ომი“

რაც შეეხება ხინკლის ომს - ქართულ სინამდვილეში არსებობს 3 ვერსია: ხინკალი - ქართულია, ხინკალი - ჩინურია და ხინკალი - მონღოლურია. ხინკლის ომშიც - ზეპირი, არამეცნიერული ძიებებია. არცოდნას კი, მოჰყვება აგრესია. მე ახლა - დროის მანქანა რომ მქონდეს, სიამოვნებით ჩაგკიდებდით ხელს და წაგიყვანდით - დიდი აბრეშუმის გზის მარშრუტზე, რომელიც ჩინეთიდან - ევროპისკენ - ჩვენს სამშობლოზე გადიოდა. ჩინეთში აუცილებლად ნახავდით დაახლოებით ხინკლის ფორმის „მანტოუს“ ან „ბაოს -  ბაოცის“. მონღოლეთშიც მსგავსს და თუ ხინკლის ანატომია არ გვეცოდინებოდა ან აბუჩად ავიგდებდით, ვიტყოდით, რომ - ა, ბატონო, ხინკალი - ჩინეთიდან და მონღოლეთიდან მოდის. ამ აზრს გაგვიმყარებდა ჩინური ლეგენდა „სამმეფიანობისა“, რომ პირველი „ხინკალი“ მოიფიქრა ჩინელმა კეთილმა მბრძანებლმა“, რომელმაც ცომში გაახვია ხორცი - ანუ დაინდო მსხვერპლად შესაწირი ადამიანები, ისინი არ დახოცა - მოატყუა მდინარის ღმერთი და ცომში პირუტყვის ხორცი გაახვია და ვითომ, ადამიანის ხორციაო - მდინარეს შესწირა.

მაგრამ დავსვათ კითხვა: ნუთუ ხინკალი მხოლოდ ცომში გახვეული ხორცია? ბაოცი - რომელიც ჩინელების ეროვნული კერძია ორთქლზე იხარშება, თან ცომში საფუარს უმატებენ. ანუ არც სახელი, არც რეცეპტი და არც ხარშვის ტექნოლოგია არ ჰგავს ხინკალს და რატომ არის მაშინ ხინკალი?  ეს ის შემთხვევაა, როცა ცხვირი ჰგავს - ჰგავს, მაგრამ მაინც არ არის ის ჩემი სავლე.

იცით, დაღესტნის უნივერსიტეტში რამდენიმე სადოქტორო ნაშრომი შემხვდა, რომელიც სიტყვა „ხინკალზეა“ დაწერილი და დავინახე, აქაც როგორც გაგვასწრეს და უკეთ შეისწავლეს საკუთარი ერის სამზარეულო. სიტყვა „ხინკალი“ - ყველა კავკასიურ ენაში გვხვდება. ამაზე 1980-იან წლებში უწერია ლინგვისტ გიორგი კლიმოვს. კლიმოვი წერს, რომ სიტყვა „ხინკალი“ არის ლექსიკური პარალელიზმი, მაგრამ სიტყვის ფუძე -  xink არის ავარული, ხუნძური ენის სიტყვა. ხინკ-მხოლობითი რიცხვია და ხინკ - ალ - მრავლობითი (-ალ მრავლობითის სუფიქსი); დაღესტნელი ლინგვისტები წერენ, რომ „ხინკალი“ ქართულ ენაში ავარული ენიდან გადმოვიდა. მაგრამ აქაც ახალი ამოცანა იშლება: ერთმანეთს ეჯახება ერთი სახელი და სხვადასხვა რეცეპტი.

რეცეპტების კორიანტელია: ხინკალი ზოგან პურია, ზოგან პელმენივით მცირე ზომის მოხარშული კვერები, ზოგან - ხაჭაპურივით გულიანი ნაზუქი. მაგალითად ინგუშებისთვის „ხინგალაში“ - გოგრის გულიანი ხაჭაპურია, აზერბაიჯანელებისთვის „ხინგალ“ - თხელი ცომია რომბებად დაჭრილი, რომელსაც ნივრიან მაწონთან ერთად ჭამენ, ჩვენს ატრიას ჰგავს. და რა არის ქართველისთვის ხინკალი? ოოო, ხინკალი მთელი მისტიკაა: ქართველი არა მხოლოდ ფარშს ახვევს ცომში, არამედ ნაოჭებს ითვლის. ხინკლის კვლევისას ეთნოლოგებთან შემხვდა 19, 28 და 33 ნაოჭიანი ხინკლები: 19 - ახალი მთვარის რიცხვია, 28 - სავსე მთვარის და 33 კი, ქრისტეს ასაკის.

დიახ, ქართველისთვის - ხინკალი რელიგიას მიჰყვება ფეხდაფეხ - ჯერ წარმართული რელიგიის არითმეტიკას ვაწყდებით ხინკლის ნაოჭებში და ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ, ქრისტეს ასაკს ვამთხვევთ ხინკლის ნაოჭებს. ხინკალი ლუდთან ერთად იყო „წმინდა სუფრის“ ნაწილი და მის ნაოჭებში ასახული რელიგიის ისტორიის ეპიზოდები.

მეტიც: ერთ-ერთ ქართველურ - ლაზურ ენაში დარჩენილია სიტყვა „ხინკირი“, რაც მოხარშულ ცომიანი კერძია. სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში კი სიტყვა „ხინკილა“ – „ღომის ოგრა“  - ანუ სიტყვა „ოგრა“ იგივე - სუპიაო, უწერია სულხან-საბა ორბელიანს.

ასე, რომ ჯერ კიდევ გასარკვევია სიტყვა - „ხინკალი“ (მაწვნის მსგავსად),  ჩვენგან გადავიდა ჩრდილოეთ კავკასიელებში თუ პირიქით. სვანურ ენაში ვიპოვე სიტყვა ხინკლისა და „ცხობის“ პარალელები და არ არის გამორიცხული კიდევ ვიპოვოთ სხვა დამამტკიცებელი საბუთები.

ასე რომ ხინკალი ჩინელმა და მონღოლმა კი არ „ჩაგვიდეს“, არამედ ესაა კერძი, რომელსაც - ქართველი მთის ხალხი - ხევსურები, ფშავები, თუშები, მოხევეები და გუდამაყრელები - ჩვენი კულტურის ისტორიაში ქმნიდნენ. სულ ახლახან აღმოვაჩინე „გირცი“ ეს სიტყვაც შემხვდა კავკასიურ ენებში - მაგრამ არა როგორც ცალკე სიტყვა, არამედ ხინკლის ნაწილი და ხაჭოიან მთვარის ფორმის ხინკალს უწოდებენ. დიახ, ჩვენს ჰერელებში/ინგილოებში ვიპოვე 2 ახალი ქართული უძველესი რეცეპტი - ხინკალი ფარშში დამატებული შინდის ჟევეთი - ანუ შინდიანი ხინკალი და ასევე შინდიანი მწვადი - სამწვადეს  10 დღე აბასტურმებენ შინდის ჟევეში (შინდის საწებელში) და ჰქვია „დანამჟიევ წოდ“.

ლინგვისტიკის ერთ-ერთი მიმართულებაა - კულტურული ლინგვისტური პალეონტოლოგია და ის სიტყვებთან ერთად ამ სიტყვის მატარებელთა კულტურას სწავლობს. აი, ახლა 8 000 წლის წინათ რომ გადავსახლდეთ - გავიცნობდით წინარე ქართველს, რომელიც ქვევრში ღვინოს აყენებს, მოშინაურებულ საქონელს წველის, მერე მაწვნად ადედებს და კვეთით ყველს ამზადებს. დნმ-ის თანამედროვე კვლევებმა დაამტკიცა, რომ პირველად 8 000 წლის წინათ გაწურა ადამიანმა რძე, რადგანაც სურდა ზედმეტი ცხიმისგან გაეწმიდა.

ცხიმს კი იმიტომ აცლიდა, რომ ვერ ინელებდა. თანამედროვე გენეტიკოსთა კვლევების მიხედვით,  სწორედ რძის დამწურავი და ლაქტოზის შემთვისებელი წინარე ადამიანების თაობა ვართ თანამედროვე ევროპელებიო. ეს პროცესი კი აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში დაიწყო პირველადო. სწორედ ამ მისამართზე მიგვიყვანს სიტყვა „კვეთი“, რაზეც მე, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე და მერაბ ჩუხუა ვმუშაობთ.

რაც მეტად ისწავლიან თანამედროვე ქართველები საკუთარ წარსულს, ივლიან მუზეუმებში - ნაკლებად იომებენ ხინკალზეც და მაწონზეც. მარსსაც ის დედამიწელები აინტერესებს, ვინც ამბები და ჭორები უნდა ჩაუტანონ დედამიწიდან.“ - ამბობს ესმა კუნჭულია.