ეს სიცრუეა! - მოქმედ სამგზავრო ბარათებთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

მეტრომანი

თბილისის მერიის განცხადებით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს აქამდე მოქმედი სამგზავრო ბარათები - მეტრომანები უქმდება, სიცრუეა.

მათივე განმარტებით, აღნიშნული სამგზავრო ბარათები კვლავ რჩება მგზავრობის საფასურის ერთჯერადი გადახდის უნივერსალურ საშუალებად, სამგზავრო აბონემენტების პარალელურად.

„გარდა ამისა, სრულად ნარჩუნდება ბარათზე აქამდე არსებული ბალანსები და აღნიშნული თანხის გამოყენება მგზავრს შეუფერხებლად შეუძლია.

მეტრომანით მგზავრობის საფასურის გადახდა აქამდე შესაძლებელი იყო მეტროთი, ავტობუსით და საბაგიროთი მგზავრობისას, ამჟამად კი, ასევე, შესაძლებელია ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობისას.

თბილისის მერიამ არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ აქამდე მოქმედი ბარათები რჩებოდა ძალაში. მომავალშიც, ნებისმიერი მსგავსი სიახლის შესახებ ინფორმაციას უპირველეს ყოვლისა, მერია გაავრცელებს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.