პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
შინდისის გმირს, უმცროს სერჟანტს, ალექსანდრე ონიანს საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი მიენიჭა. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი მიენიჭა უმცროს სერჟანტს, ალექსანდრე ონიანს, რომელმაც ბოლომდე თავგანწირვით იბრძოლა და ცოცხალი არ ჩაბარდა მტერს. არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, დაჯილდოების ღონისძიება დღეს ვერ ჩატარდება იმ მასშტაბით, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება მოითხოვს. შეზღუდვების მოხსნისთანავე დაიგეგმება ჯილდოს გადაცემის ცერემონია“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
13 წლის წლის წინ, შინდისში, როცა ნათლია-ნათლულის გმირული ისტორია იწერებოდა, ალბათ ვერასდროს იფიქრებდა თვით ალექსანდრე ონიანიც, რომ მისი სახელი და გვარი რომან ზოიძესთან ერთად ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერებოდა. წლები გავიდოდა და მას ეროვნული გმირის ორდენს მიანიჭებდნენ…
რკინიგზის სადგურთან, ალყაში მოქცეული ქართული ოცეული რამდენიმე ასეულ რუს სამხედროს საათ-ნახევრის განმავლობაში უწევდა წინააღმდეგობას. ქართველმა გმირებმა უთანასწორო ბრძოლაში მტერს დიდი ზიანი მიაყენეს. მაშინ როცა ტყვია-წამალი გაუთავდათ, უმეტესობა უკვე გარდაცვლილი და დაჭრილი იყო. მხოლოდ ალექსანდრე ონიანი საღ-სალამათი.
რომან ზოიძე უკვე სისხლისგან იცლებოდა, ალეკოს სთხოვდა: დამტოვე, თავს უშველეო, არ დაგტოვებ და არც მათ ჩავბარდებითო, – იყო ნათლიის პასუხი, მტკიცე და საბოლოო, გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა…
იცოდა, რომ ტყვედ აიყვანდნენ და არ დანებდა. ერთადერთი ყუმბარმტყორცნი ხელში მოიმარჯვა, მომაკვდავი რომან ზოიძე ხელში აიყვანა და შენობიდან გავიდა.
მამაო ჩვენო წაიკითხეს – ნათლიამ და ნათლულმა, ხელები აუწევია ონიანს, ბოლოს თურმე აღარც ესროდნენ რუსები… როგორც გადარჩენილი ბიჭები ამბობენ, მათი ტყვედ აყვანა უნდოდათო. ღიმილნარევი სახით მიიწევდნენ რუსი სამხედროები ქართველი გმირებისკენ. ონიანს ფეხებში ჰქონდა დამალული გააქტიურებული „ლიმონკა“ და მტრის მოახლოებას ელოდა. სწორედ ამ დროს გაისმა აფეთქების ხმა… ნათლია-ნათლულის გმირობამ ბევრი ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნა. საკუთარი სისხლის ფასად, ყველაზე დიდი დანაკარგიც მოუტანეს რუს აგრესორებს.
ასეთი გმირობა მარტო ქართველს თუ შეუძლია, ეს, ალბათ, ყველაზე შემზარავი ტრაგედიაა და კიდევ ერთი დასტური ქართული სულის სიძლიერისა.
„პრაიმტაიმი“ ალექსანდრე ონიანის დას, ელენეს ესაუბრა.
„დღეს თავიდან დავიბადე. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 13 წელია 11 აგვისტო დიდ ტკივილთან ასოცირდება, დღევანდელ დღეს უბედნიერესი ვარ, რადგან ჩემს ძმას ეროვნული გმირის ორდენი მიენიჭა. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ეს იყო ჩემი ერთადერთი ოცნება, რომელზედაც არავისთან მისაუბრია. ჩემთვის ჩუმად ვნატრობდი. ამაზე ხმამაღლა საუბარს ალბათ ვერასდროს გავბედავდი.
ალექსანდრე იმდენად თავმდაბალი ადამიანი იყო, ის არასდროს მოინდომებდა პირველობას. დარწმუნებული ვარ, ახლაც, იმ ქვეყნად თუ რამე არსებობს, ის დღეს თავდახრილი დგას.
ახლაც შინდისში ვარ, ჩემი ძმის მეგობრების ოჯახის წევრებთან ერთად. აქ გავიგე ეს სასიხარულო ინფორმაცია და სიხარულის ცრემლებს ვერ ვიკავებ. ჩემი და-ძმა და დედა სვანეთში, ალექსანდრეს საფლავზე არიან. მათაც ამ წუთას გაიგეს და ბედნიერებისგან შოკურ მდგომარეობაში არიან.
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე ჯილდოს გადაცემის ცერემონია დღეს არ შედგა, დარწმუნებული ვარ, რომ ესეც მალე იქნება. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ, დიდი ტრაგედიის მიუხედავად, დღეს ძალიან ბედნიერები ვართ.“ – ამბობს ელენე ონიანი.