„23 ძარცვა და 179 ათას ევროზე მეტი ნაძარცვი“ - ვინ არიან საბერძნეთში დაკავებული ქართველი მძარცველები
1789848455
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ, რომელიც ამავე აკადემიის სხდომაზე გაჟღერდა, არაერთი კითხვა და აღშფოთება გამოიწვია.
ისტორიკოსი და თეოლოგი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე აღნიშნული ფაქტის შესახებ წერს:
“XX საუკუნის გეოპოლიტიკური უდიდესი ტრაგედია იყო საბჭოთა კავშირის დაშლა” – ეს ფრაზა წარმოთქმულა არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, ამავე დაწესებულების ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომაზე, ერთ-ერთი ოფიციალური მომხსენებლის მიერ. ამავდროულად, ამ ინფორმაციას პირდაპირ და დაუფარავად იუწყება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ოფიციალური ვებგვერდი.
უპირველესად, ძალზედ საგულისხმოა ის გარემოება, რომ ეს ფრაზა პირველად წარმოთქვა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. ახლა კი იგივე გაიმეორეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, ერთ-ერთ ოფიციალურ ფორმატში.
ამ შემთხვევაში უპირველესი მნიშვნელობა ენიჭება არა თავად ფრაზას, არამედ სივრცესა და გარემოებას, სად გაჟღერდა ეს უაღრესად სამწუხარო, რეალობას სრულიად მოკლებული, ისტორიის გამყალბებელი და საქართველოსთვის ანტისახელმწიფოებრივი სიტყვები, რომელიც ძალიან საშიშია საქართველოსთვის, მითუმეტეს მიმდინარე საერთაშორისო და გეოპოლიტიკურად ურთულეს ვითარებაში.
საბჭოთა კავშირი არასდროს იყო ლეგიტიმური სახელმწიფო, არამედ ეს გახლდათ საბჭოთა რუსეთის მიერ ანექსირებულ სახელმწიფოთა ძალადობრივი და იძულებითი კავშირი, რომელიც დანაშაულებრივად შექმნა საბჭოთა რუსეთმა და ის, რაც დანაშაულებრივია, ამავდროულად ვერ იქნება კანონიერი და ლეგიტიმური.
საბჭოთა კავშირის შექმნა კი ნამდვილად იყო გეოპოლიტიკური ტრაგედია, თან არამხოლოდ მეოცე საუკუნის, არამედ მისი სამწუხარო გამოძახილი მრავალი მიმართულებით გრძელდება დღესდღეობითაც (ერთ-ერთი მათგანია თავად ეს სერიოზული საფრთხის შემცველი მოხსენება, რომელიც მეცნიერებათა აკადემიის ოფიციალური ტრიბუნიდან წარმოითქვა).
ასევე, იგივე გამოსვლაში, გაისმა შემდეგი ფრაზა: “რაც შეეხება იმპერიალიზმს, ეს არის პოლიტიკა, რომელიც ახასიათებს ნებისმიერ ფორმაციას, რომელიც არ გამოუვიდა არც ნაპოლეონს, არც ჰიტლერს და არ გამოუვა არც ამერიკას”.
საინტერესოა, როდესაც საუბარია იმპერიალიზმის შესახებ და ნახსენებია აშშ და ევროპული სახელმწიფოები და იმპერიალიაზმის კონტექსტში საერთოდ არ არის ნახსენები რუსეთი, ჩნდება ძალიან საფუძვლიანი კითხვები, ვის და რას ემსახურება რეალობას სრულიად მოკლებული ეს მოხსენება და თან მის შესახებ ინფორმაციის ტირაჟირება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე?!
კიდევ ერთი “საოცრება” ის არის, რომ აღნიშნული მოხსენება წაიკითხეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომაზე, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ამჟამინდელ ეროვნულ პრობლემათა აბსოლუტური უმრავლესობა (თუ უკლებლივ ყველა არა) გამომდინარეობს საბჭოთა კავშირში საქართველოს ძალადობრივი და ანექსირებული სამოცდაათწლოვანი ყოფიდან.
ვიტოვებ იმედს, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია გააკეთებს სათანადო განმარტებას ამ საკითხზე და გაემიჯნება კონკრეტული მომხსენებლის ამ ძალიან სამწუხარო, რეალობას სრულიად მოკლებულ, ისტორიის გამყალბებელ და საქართველოსთვის ანტისახელმწიფოებრივ მოხსენებას და თუ საპირისპირო, სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით, მაშინ, ამ ფაქტზე თანამედროვეობისა და ისტორიის პირუთვნელობა სათანადო შეფასებას უთუოდ მოახდენს.”- წერს ლაშა დეისაძე-შარვაშიძე.