ეს ბევრმა არ იცის – საინტერესო ფაქტები და რჩევები ბზაზე

ბზობა

მართლმადიდებლური ეკლესია დღეს, ბზობას აღნიშნავს. ბზობა ერთ-ერთი მთავარი ქრისტიანული დღესასწაულია. ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა და აღინიშნება აღდგომის წინა კვირა დღეს.

მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარების მოთხრობაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავი. იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს – ბაიას უფენდა, თან „ოსანას“ შესძახოდნენ.

საინტერესო ფაქტები და რჩევები ბზაზე

„ბზა მარადმწვანე, ყინვაგამძლე, ყვავილოვანი დაბალი ბუჩქი ან ხეა, რომელსაც 70-მდე სახეობა აქვს.  ყველაზე გავრცელებული სახეობაა კავკასიური ბზა. მცენარე 2-დან 12 მეტრამდე იზრდება, რაც დამოკიდებულია ბზის სახეობაზე“, – აღნიშნავს ფლორისტი დავით ჩანგიანი laboratorium.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში და აღნიშნავს, რომ მისი მოვლა დიდ სირთულეებთან არ არის დაკავშირებული

„მისი მოვლა საკმაოდ მარტივია და არც განსაკუთრებულ ცოდნას საჭიროებს. ბზა ხარობს ნებისმიერ ტემპერატურასა და სინესტეში. ის თავს კარგად გრძნობს ღია სივრცეში, კარგად ეგუება მზეს. მას უყვარს დიდი რაოდენობის წყალი, თუმცა სიმშრალესაც კარგად უძლებს.

ბზა, მისი ნელა ზრდის გამო, ადვილად ექვემდებარება კრეჭას,  მარტივად შესაძლებელია, მიეცეს ნებისმიერი ფორმა, რის გამოც  მისი გამოყენება საკმაოდ გავრცელებულია ლანდშაფტის დიზაინში. ბზის გაკრეჭისთვის საუკეთესო პერიოდია გაზაფხული, რადგან ახალამოსული ღეროები უფრო იოლად იღებს ნებისმიერ ფორმას.

მისი გადარგვა და დარგვა წლის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, თუმცა ყველაზე სასურველი პერიოდი მაინც შემოდგომაა. გადარგვისას ძირითადად მოღრუბლული ამინდი ირჩევა. ნიადაგი გასუფთავებული უნდა იყოს სამშენებლო მასალების ნარჩენებისა და ყვითელი ქვიშისგან.

ინტერვიუში ფლორისტი აღნიშნავს, რომ ბზის შერჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს მის ფოთლებსა და ძირს. ჯანსაღი ბზის ბუჩქი სავსე და მკვეთრი მწვანეა. მოყვითალო, ან გახუნებული ფოთლები,  მწერები მის არასიჯანსაღეზე მეტყველებს. ამ დროს მცენარის გადასარჩენად აუცილებელია მისი შეწამვლა. დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს.

საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ბზას სამკურნალოდ იყენებდნენ. ბზის ფოთლებისგან დამზადებული ნაყენი გამოიყენებოდა ხველების, ცხელების, კუჭ-ნაწლავის დაავადებებისა და მალარიის დროს. დღევანდელ დღეს ჰომეოპათიურ მედიცინაში ბზა წარმატებით გამოიყენება რევმატიზმის სამკურნალოდ. თუმცა აუცილებელია სიფრთხილე, რადგან ბზის ზოგიერთი სახეობა შხამიანია და ამიტომ მას თანამედროვე მედიცინაში არ გამოიყენებენ.