ეროვნული ბანკის საბჭომ ნანა ყეინიშვილი საბჭოს გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესს ერთხმად ჩამოაშორა

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ დღეს განიხილა საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობიდან აცილების საკითხი, - განცხადებას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

"საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებით გამოძიების დასრულებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენამდე, ეროვნული ბანკის საბჭოს მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა, რომ ნანა ყეინიშვილი არ უნდა იღებდეს მონაწილეობას საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესში.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერთხმად. გადაწყვეტილების მიღებისას საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი მუხლებით, რომლითაც გათვალისწინებულია კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში დაინტერესებული პირის აცილების საკითხი. კერძოდ, ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს ის თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი, ანდა არსებობს სხვა გარემოება, რომელიც ზეგავლენას მოახდენს მის გადაწყვეტილებაზე," - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ვიდრე უწყება გადაწყვეტილებას მიიღებდა, ეროვნული ბანკი წინასწარ აანონსებდა, რომ საგამოძიებო პროცესის დაწყებისთანავე, სებ-ის საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავდა ნანა ყეინიშვილის საბჭოს სხდომებიდან დროებით აცილების საკითხს.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, ეროვნული ბანკიდან გაგზავნილი შპს "ბიტექსჩეინჯის" ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით დაიწყო, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს.

პროკურატურის ცნობით, წარდგენილი განცხადებებისა და აუდიოჩანაწერებისთანახმად, ნანა ყეინიშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში და უშუალოდ აკონტროლებს სებ-ის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც მისი ოჯახის წევრისა და აფილირებული პირების სახელზეა რეგისტრირებული, ასევე ცდილობდა ახალი საწარმოს წილში შესვლას.

✕