„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს აფრთხილებს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1775217589
ეროვნულ სკრინინგცენტრს საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და მომღერალი ლიზა ბაგრატიონი ეწვივნენ.
სტუმრები ადგილზე გაეცნენ ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კიბოს უფასო სკრინინგული კვლევები ჩაიტარეს. სტუმრებს ეროვნული სკრინინგცენტრის დირექტორმა, ეთერ კიღურაძემ უმასპინძლა და სკრინინგცენტრში არსებული სერვისების, სამედიცინო აპარატურისა და პროგრამის განვითარების გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„ეროვნულ სკრინინგცენტრში ჩავიტარე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კიბოს სკრინინგული კვლევები. გულწრფელად გეტყვით, რომ თავდაპირველად მეც მქონდა გარკვეული შიში და ღელვა, თუმცა აქ არსებული გარემო, სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმი და ყურადღება იმდენად დამამშვიდებელია, რომ ეს განცდა ძალიან სწრაფად ქრება. მინდა, იცოდეთ, ეს პროცესი მარტივი და უსაფრთხოა, რადგან ცენტრი აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე აპარატურით. განსაკუთრებული თხოვნით მივმართავ ქალბატონებს, არ დაივიწყოთ საკუთარი თავი. ხშირად ჩვენ პირველ ადგილზე ვაყენებთ ოჯახს და სხვებზე ზრუნვას, თუმცა სწორედ ჯანმრთელობაა თქვენი ოჯახის სიმშვიდისა და კეთილდღეობის საფუძველი. გამოიყენეთ შესაძლებლობა, სრულიად უფასოდ, სახელმწიფოს დაფინანსებით ჩაიტაროთ კიბოს სკრინინგული კვლევები. არ გადადოთ ზრუნვა ხვალისთვის, რადგან დროულად აღმოჩენილი დაავადება ნიშნავს უფრო მეტ შესაძლებლობას ჯანმრთელი და სრულფასოვანი ცხოვრების გასაგრძელებლად. გახსოვდეთ, თქვენი ჯანმრთელობა ფასდაუდებელია“, – განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.
თავის მხრივ, ეთერ კიღურაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ვიზიტები ეროვნულ სკრინინგცენტრში მნიშვნელოვანია, რათა საკუთარი მაგალითით აჩვენონ, რომ კვლევების ჩატარება და დროული სკრინინგი პრიორიტეტულია.
„სკრინინგცენტრი ყოველდღიურად აქტიურად მუშაობს, რომ კიბოს სკრინინგი იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი, უსაფრთხო, კომფორტული და საზოგადოებას მიეწოდოს მაღალი სტანდარტების სამედიცინო სერვისი. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო საზოგადოებას, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. კიბოს სკრინინგი არის თქვენი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა. დროული დიაგნოსტიკა ნიშნავს გადარჩენილ სიცოცხლეს“, – განაცხადა ეროვნული სკრინინგცენტრის დირექტორმა.