1746733863
ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, სისხლის დეფიციტი უკვე კრიზისში გადაიზარდა - რეგიონული სისხლის ბანკის დირექტორი

რამდენიმე ხნის წინ, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, ლევან რატიანმა საზოგადოებას სთხოვა გაიღონ სისხლი და დონაციის მონაწილეები გახდნენ.
მისივე თქმით, დღეს, ისე როგორც არასდროს სისხლის მარაგთან დაკავშირებით კრიზისი შეიქმნა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „პრაიმთაიმი“ რეგიონალური სისხლის ბანკის დირექტორს, ლაშა გოგოლაძეს ესაუბრა.
„ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდ ვითარებიდან გამომდინარე, მარაგთან დაკავშირებით, სისხლის დეფიციტი შეიქმნა. რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტებს უკვე სისხლი აღარ მიეწოდებათ. ფაქტობრივად, დეფიციტი უკვე კრიზისში გადაიზარდა. მომართვიანობა სისხლის ბანკში ასეულობითაა და რეალურად დონორი რამდენიმე ადამიანი გვყავს. შეიძლება, ისიც არა. ამდენად, რთული სიტუაცია. თუ ადამიანს კოვიდი აქვს გადატანილი, ორი კვირის შემდეგ, მას უკვე შეუძლია სისხლი ჩააბაროს. ვაქცინაციის შემთხვევაშიც, იგივე დრო უნდა იყოს გასული. ამ შემთხვევაში გაღებული სისხლი პაციენტისთვის უფრო სასარგებლოა, რადგან ამ დროს, მათი ანტისხეულები უფრო მაღალია.
მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიურობა. წესით, კოვიდპანდემიას არ უნდა შეექმნა პრობლემა, მაგრამ - პირიქით. რაც კოვიდი დაიწყო, მის შემდეგ, კრიზისი გვაქვს. მომართვიანობა ძალიან მაღალია და დონორები არ გვყავს,“ - ამბობს ლაშა გოგოლაძე.
ვის ესაჭიროება სისხლი
„ესენი არის ონკოლოგიური პაციენტები, მშობიარე ქალბატონები, გეგმური და გადაუდებელი ოპერაციის საჭიროების მქონე ადამიანები. ასევე, ლეიკემიით დაავადებული ბავშვები. ხაზგასასმელია, რომ ისინი ამით თითქმის, საზრდოობენ. რეალურად, ამათთვის სისხლის დეფიციტი კი არა, კრიზისია. წარმოიდგინეთ, სისხლის უკმარისობის გამო, რომ ბავშვი გარდაიცვალოს. ეს ხომ ქვეყანამ არ უნდა დაუშვას. მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, ვისაც შესაძლებლობა აქვს, ჩაერთოს სისხლის დონაციაში.
როდესაც ადამიანი სისხლს აბარებს, შემდეგ ექვსი სახის ანალიზი სრულიად უფასოდ ტარდება. ხშირია შემთხვევა, როდესაც ამის შემდეგ, გაუგიათ, რომ ისინი C ჰეპატიტისა და შიდსის მატარებლები არიან“, - ამბობს „პრაიმთაიმთან“ საუბრისას ლაშა გოგოლაძე.