1791439526
Ekalata.gov.ge უკვე Android-ისა და iOS-ის მობილურ აპლიკაციებშია ხელმისაწვდომი
მთავრობის ინიციატივით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ შექმნილი საინფორმაციო პორტალი - www.ekalata.gov.ge - უკვე Android-ისა და iOS-ის მობილურ აპლიკაციებშიც არის ხელმისაწვდომი.
აპლიკაციების საშუალებით, მომხმარებლებს ფასების შედარება და სასურველი პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიღება მობილური მოწყობილობიდანაც შეუძლიათ.
www.ekalata.gov.ge მომხმარებლებს სხვადასხვა სავაჭრო ქსელში არსებული ფასების ერთ სივრცეში შედარების, ინდივიდუალური კალათის შექმნისა და პოტენციური დანაზოგის გამოთვლის შესაძლებლობას აძლევს. პორტალზე შესაძლებელია 13 საბაზისო სასურსათო და 10 პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტის ფასების შედარება.
პორტალის განვითარების ფარგლებში, მას ახალი სავაჭრო ქსელები დაემატა და, ამ დროისათვის, საიტზე 16 წამყვანი სავაჭრო ქსელის ფასებია წარმოდგენილი.
პლატფორმას დაემატა მაღაზიების გეოლოკაციის ფუნქციაც, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს უახლოესი ფილიალის მოძიება შეუძლია.
პორტალზე განთავსებული ინფორმაცია, სავაჭრო ქსელების მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე, ოპერატიულად ახლდება, რაც მომხმარებლებს ფასების მიმდინარე მდგომარეობის შედარების შესაძლებლობას აძლევს.
სექტემბრის ფასების დინამიკის მიხედვით, თვის დასაწყისთან შედარებით, თვის ბოლოს 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება 4.4%-ით, ხოლო 10 პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტისგან შემდგარი კალათის ღირებულება 5.3%-ით შემცირდა.
www.ekalata.gov.ge საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივისა და საქართველოს პარლამენტის სასურსათო პროდუქციის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, მოკლევადიანი ღონისძიებების ფარგლებში, მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ამოქმედდა და მისი მიზანია მომხმარებლებისთვის საბაზისო პროდუქტებზე არსებული ფასებისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის ერთ სივრცეში მიწოდება, სხვადასხვა სავაჭრო ქსელის ფასების შედარების გამარტივება და ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობა.
სტრატეგიის ფარგლებში, პორტალის მონიტორინგს GCCA ახორციელებს. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო პლატფორმის განვითარებას აგრძელებს და მომხმარებლებისთვის დამატებითი ფუნქციებისა და სერვისების დანერგვას მომავალშიც გეგმავს.










