ეკა კუპატაძე: ჩემი გადასახედიდან 20 ოქტომბერს უკვე იკვეთებოდა ნია იმნაძის ის ბრალი, მაგრამ პროკურატურა ასე ეჭვსა და ვარაუდზე ხომ ვერ წაუყენებდა ბრალს?! მათ ის განადგურებული მტკიცებულებები აღადგინეს

ეკა კუპატაძე

ჩემი გადასახედიდან 20 ოქტომბერს უკვე იკვეთებოდა ნია იმნაძის ის ბრალი, მაგრამ პროკურატურა ასე ეჭვსა და ვარაუდზე ხომ ვერ წაუყენებდა ბრალს?! მათ ის განადგურებული მტკიცებულებები აღადგინეს, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო ნია იმნაძეს და ანასტასია ბერუაშვილს პატიმრობაში დატოვებს.

„მე ვფიქრობ, დღეს მოსამართლე დატოვებს პატიმრობაში ორივე ბრალდებულს, თუმცა ეს მოსამართლის გადასაწყვეტია. 20 ოქტომბერს უკვე იკვეთებოდა ნია იმნაძის ის ბრალი, რაც ახლა წაუყენა მას პროკურატურამ. იკვეთებოდა ჩემი გადასახედიდან, მაგრამ პროკურატურა ასე ეჭვზე და ვარაუდზე ხომ ვერ წაუყენებდა ბრალს?! მათ ის განადგურებული მტკიცებულებები აღადგინეს. ეს ტრენდი ვინც წამოიწყო, რომ „არასრულწლოვანი კიკინებიანი ბავშვები დაგვიკავეს“, ვის ტვინშიც ეს მოიხარშა, ის არის საზოგადოებისთვის საშიში. ვინც ამბობს იმას, რომ ხალხი არის ბრბო - არა, ხალხი არის საზოგადოება და მე ამას კარგად მივხვდი“, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

დღეს საქალაქო სასამართლო გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.

პროკურატურამ გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინა.