„ძმები ჩხაიძეების საბედისწერო გასეირნება...“ - სამეგობროს ტრაგედია, რომელმაც თბილისი შეძრა

tragedia

ტრაგედია, 37 წლის წინათ, თბილისის ზღვაზე მოხდა. ხუთი მეგობარი: გიგი ხაბეიშვილი, გოგლიკო ჩოგოვაძე, ვახო დუჩიძე და ძმები – გოგიტა და კახა ჩხაიძეები იმ დღეს ბედისწერამ ზღვაზე მიიყვანა.

ცოტა ხნით ადრე მეგობრებმა იალქნიანი იახტა შეიძინეს. მოკლედ, 1985 წლის 27 მაისს ბიჭები საკუთარი იახტით ზღვაში შევიდნენ. მალე იახტა წყალში რაღაცას წამოედო და გაჩერდა. ამბობენ, რომ იახტა წყალში გადებულმა თევზსაჭერმა ბოძმა შეაკავა, რომელშიც დიდი ძაბვა გადიოდა. იმის გასარკვევად, თუ რა აფერხებდა იახტას, ბიჭები წყალში ჩახტნენ.

ჯერ ერთი ჩხაიძე ჩახტა, მას მეორე მიჰყვა, მერე გოგლიკო ჩოგოვაძეც შეუერთდა ძმებს… სამივეს დენმა დაარტყა. ბიჭები წყალში გარდაიცვალნენ. გიგი ხაბეიშვილიც წყალში მეგობრებთან ერთად გადამხტარა, დენს მისთვისაც დაურტყამს, მაგრამ იგი გადარჩა. ამბობენ, გიგის გულში კაფსულა ჰქონდა ჩადგმული, რომელმაც დენი გაატარა და ამან გადაარჩინაო.

„ასე ლაპარაკობდნენ, თორემ ტყუილია. ბავშვობაში 7 წლის ასაკში, გულის ოპერაცია მაქვს გაკეთებული. დენმა მეც დამარტყა. გათიშული ერთი თვე ვიწექი. მაგრამ გადავრჩი“, – ასე იხსენებს ამ ტრაგედიას გიგი ხაბეიშვილი. ვახო დუჩიძე წყალში არ გადამხტარა. შესაბამისად, იგი ხუთი მეგობრიდან, გიგის შემდეგ, მეორეა, რომელიც ტრაგედიას გადაურჩა.

სამეგობროს ტრაგედია

ხუთივე 55-ე სკოლელი იყო. დიდი სამეგობრო ჰქონდათ. მათ თაობაში შედიოდნენ ძმები გაჩეჩილაძეები. ბიჭები სპორტული ცხოვრებით ცხოვრობდნენ. გიგი მოთხილამურე იყო, ძმები ჩხაიძეები კალათბურთელები. იმ დღეს იახტით გასეირნებას არ აპირებდნენ. სხვადასხვა გეგმები ჰქონიათ, გოგლიკო ჩოგოვაძე საფრანგეთში სასწავლებლად უნდა გაფრენილიყო. მაგრამ გეგმა ჩაშლია და ზღვაზე აღმოჩენილან.

გიგი, სოლიკო ხაბეიშვილის შვილი გახლავთ, გოგლიკო, ირაკლი ჩოგოვაძის (ყოფილი ეკონომიკის მინისტრი) ძმაა. გოგლიკოს მშობლები ტრაგედიის დროს საფრანგეთში იყვნენ. მამა, გოჩა ჩოგოვაძე, წლობით საფრანგეთის ელჩი იყო (ახლა იუნესკოში მუშაობს).

„გოგლიკოს შეყვარებული ნინო სუხიშვილი იყო. იმ დროს, როგორც მე ვიცი, ნაჩხუბრები იყვნენ“ – ისტორიას აცოცხლებს ელენე ჩხაიძე, კახა ჩხაიძის შვილი.

ბიჭები სტუდენტები იყვნენ, გოგიტა ჩხაიძე 20 წლის იყო, მისი ძმა, კახა 19-ის. ერთი ისტორიის ფაკულტეტზე, მეორე სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა. ძმები ისტორიკოსების ოჯახიდან იყვნენ. მათი მშობლები გურამ ჩხაიძე და ია ჩიჩუა გახლავთ. გოგლიკო ჩოგოვაძე ჩხაიძეების ბაღელი, ჯგუფელი, კლასელი და მეზობელი იყო. „ფაქტობრივად, დედაჩემმა სამი შვილი დაკრძალა ერთ დღეს“ – ამბობს ელენე.

ბედად გადარჩენილი ვახო დუჩიძე ერთი თვის განმავლობაში საერთოდ ვერ ლაპარაკობდა. გიგი ხაბეიშვილს ამნეზია დაემართა. მომხდარ ფაქტამდე ორი დღით ადრე და შემდეგი ათი დღე რა მოხდა, არ ახსოვდა.

ძმების მამას ეტყობა გულმა უგრძნო და ზღვაზე ასულა. სამწუხაროდ, შვილები 5 წუთის გარდაცვლილები დახვდა. სამი ახალგაზრდის გარშემო უკვე ხალხი იყო შემოხვეული. დაღუპულების ოჯახებს არ უჩივლიათ, ან რა აზრი ჰქონდა? 20 წლის ბიჭებს ამით ვერავინ გააცოცხლებდა. სამოქალაქო პანაშვიდები იმართებოდა. როგორც ამბობენ, ჭავჭავაძის გამზირზე ჩხაიძეების და ჩოგოვაძეების სახლის წინ, ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. სამივე ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. ძმები ერთად, გოგლიკო კი მათ მახლობლად.

ამ თემაზე საუბარი დღესაც არავის უნდა. ეს ამბავი გასაიდუმლოებულიც იყო, ყველა ერიდებოდა მის მოყოლას და გახსენებას. 80-იან წლებში ტრაგიკული შემთხვევები ხშირი არ იყო.

ელენე ჩხაიძე: „დედაჩემიც ამბობს, ეკლესიაში შვილმკვდარი დედები სულ რამდენიმე ვიყავით და ახლა ძალიან მოვმრავლდითო. დედას დღემდე ძაძები აცვია. უკვე 70 წლისაა.“

იახტა წლების განმავლობაში ეგდო ზღვაზე. იახტკლუბის პრეზიდენტი ილო ფერაძე იყო. „ჩხაიძეების დედა ჩემი კლასელი იყო. ამ ტრაგედიის დროს იქ ვიყავი, საავადმყოფოში მივიყვანეთ ბავშვები. მე ამ თემაზე ვერ ვისაუბრებ“ – მითხრა ბატონმა ილომ.

ჩხაიძეების მამა 7 წლის წინ გარდაიცვალა. გურამ ჩხაიძეს მუდმივად გულის შეტევები ჰქონდა. ვაჟების გარდაცვალების შემდეგ თავის მოკვლაც უცდია… განაგრძეთ კითხვა