3 სიმპტომი, რომელთა დროსაც გინეკოლოგთან ვიზიტის გადადება არ შეიძლება – ონკოგინეკოლოგის გაფრთხილება
1791571769
შუქრი ბურჭულაძე საკუთარ მამას მოუწოდებს, მიბაძოს ირაკლი ნადირაძეს და არა მურთაზ ზოდელავას, ან ლაშა ბერიძეს. საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით მათ მოთხოვნას ღალატის ტოლფასს, უღირს საქციელს და პოლიტიკურ ჰარაკირს უწოდებს.
თავად პაატა ბურჭულაძე საკუთარი თანამებრძოლების საქციელს ამართლებს, რაც მისი მხრიდანაც დანაშაულის აღიარებისთვის ნიადაგის მომზადებად შეფასდა. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობისთვის დაკავებული ბურჭულაძე ციხიდან იწერება, რომ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა. რატომ არ აძლევს ამ შესაძლებლობის გამოყენების უფლებას საკუთარი შვილი? - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პოლიტიკური მიზნის მიღწევა ნებისმიერი ადამიანის ხარჯზე, ბულინგითა და ზეწოლით ოპოზიციის ჩვეული ხელწერაა.
გათავისუფლებისთვის აუცილებელ აღიარებამდე ორგანიზატორებს კითხვებზე პასუხებს სთხოვენ თვითონ ოპოზიციაშიც - სააკაშვილის პარტია 4 ოქტომბრის იდეას 1 წლის თავზეც ამართლებს, თუმცა ბოლომდე ვერ ამართლებს ამ დღის მთავარ შემოქმედებს, რომლებმაც საპროცესო შეთანხმებით საპატიმროდან გამოსვლა გადაწყვიტეს მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ საპატიმროში რჩება ათეულობით დაკავებული - სწორედ ისინი, ვინც ორგანიზატორების მოწოდებით მოქმედებდნენ.
გარე მითითებით მოქმედი პოლიტიკოსები ვერ გათავისუფლდებიან ვერც მსხვერპლის სტატუსით და ვერც გმირების მანტიით - აცხადებენ "ქართულ ოცნებაში". მათი თქმით, ძალადობრივ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ვერშემდგარი დამხობის თითოეულ მონაწილეს ეკისრება.
"ეგეთი შვილი, ძალიან მძიმე რამეა, ეს არის პავლიკა მოროზოვისეული დამოკიდებულება მშობლის მიმართ" - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამა-შვილ ბურჭულაძეების განსხვავებულ პოზიციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. მისი თქმით, ერთადერთი სწორი გზა, რასაც სახელმწიფოც ჰუმანური მიდგომით პასუხობს, 4 ოქტომბრის მძიმე დანაშაულის აღიარება და მონანიებაა.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობისთვის დაკავებულებიდან 2-მა ბრალის აღიარების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმების გაფორმება უკვე ითხოვა. . მწვავე კრიტიკის ფონზე თანამებრძოლებს მხარი მხოლოდ პაატა ბურჭულაძემ აუბა, თუმცა მისი მხრიდან მოსალოდნელ ანალოგიურ ნაბიჯს საკუთარი შვილი, შუქრი ბურჭულაძე ეწინააღმდეგება.