1743625291
„ძაღლი გადაყვანილია ვეტერინარულ კლინიკაში, ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა“ - შსს-ს კომენტარი გურამიშვილის გამზირზე მომხდარ ფაქტზე

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
როგორც ფეისბუქ მომხმარებლები წერდნენ, ძაღლს შსს-ს თანამშრომელმა ესროლა.
აღნიშნულის გასარკვევად „პრაიმტაიმი“ უწყებას დაუკავშირდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, მის მცირეწლოვან შვილებთან ერთად გადაადგილდებოდა გურამიშვილის გამზირზე, რა დროსაც ძაღლმა აგრესია გამოხატა მისი 6 წლის შვილის მიმართ. პოლიციის მაიორი შეეცადა, რომ მოეგერიებინა ძაღლი, რის გამოც იძულებული გახდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში სამსახურებრივი იარაღიდან განეხორციელებინა გასროლა. ძაღლი გადაყვანილია ვეტერინარულ კლინიკაში. ფაქტთან დაკავშირებით შედგა შესაბამისი რეაგირების ოქმი და მიმდინარეობს მოკვლევა“, - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.