1727944755
დუშანბესა და თბილისს შორის რეგულარული პირდაპირი ფრენები იწყება
ტაჯიკური ავიაკომპანია Somon Air დუშანბესა და თბილისს შორის რეგულარულ პირდაპირ ფრენებს იწყებს.
პირველი რეისი ტაჯიკეთის დედაქალაქსა და საქართველოს დედაქალაქს შორის 22 მაისს შესრულდება.
დუშანბესა და თბილისს შორის ფრენა კვირაში ერთხელ – ოთხშაბათობით განხორციელდება.
დუშანბედან თბილისისკენ თვითმფრინავი ადგილობრივი დროით 09:00 საათზე გამოფრინდება, თბილისიდან დუშანბეს მიმართულებით კი, ასევე ადგილობრივი დროით, 12:40 საათზე გაფრინდება.
რეისები Boeing 737-800-ითა და Boeing 737-900-ით შესრულდება.
„რეისი დუშანბე-თბილისი პირველად იხსნება. ორ ქვეყანას შორის საჰაერო ხიდის გადება, რა თქმა უნდა, დააახლოებს ორ ხალხს. გარდა ამისა, დარწმუნებულები ვართ, ეს რეგულარული რეისი ტაჯიკეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება-განმტკიცებას მისცემს ბიძგს,“ – აცხადებს ავიაკომპანიის Somon Air გენერალური დირექტორი აბდულკოსიმ ვალიევი.
ცნობისთვის, Somon Air ამჟამად ტაჯიკეთიდან ფრენებს ახორციელებს გერმანიაში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, თურქეთში, ჩინეთში, ინდოეთში, საუდის არაბეთში, ირანში, რუსეთში, ყაზახეთსა და უზბეკეთში.