დიდ ხუთშაბათთან დაკავშირებით, სამების საპატრიარქო ტაძარში წირვა მიმდინარეობს

sameba

დიდ ხუთშაბათთან დაკავშირებით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სხვა სასულიერო პირებთან ერთად, თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, წმინდა ბასილი დიდის წირვას აღავლენს, რის შემდეგაც მრევლს ქადაგებით მიმართავს.

დღესვე, 18:00 საათზე ტაძრებში თორმეტი ვნების სახარებას წაიკითხავენ. 12-გზის სახარების დროს წმინდა წერილიდან 12-ჯერ წაიკითხავენ მონაკვეთებს იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ.

ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა. უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. პასექის ჟამს მაცხოვარმა ასევე მიანიშნა, რომ მას ერთ-ერთი მოწაფე, იუდა ისკარიოტელი გასცემდა.