9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი აქციის მონაწილეები ადგილზე მისულ მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ

დაპირისპირება

9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი აქციის მონაწილეები ადგილზე მისულ მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

დილიდან მემორიალთან რამდენიმე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და იქ მისულ მოქალაქეებს შორის, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

თავდაპირველად 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მოქალაქეებს რამდენიმე მედიასთან ინტერვიუს ჩაწერის საშუალებას არ აძლევდნენ.

ასევე, აქციის მონაწილეები ზოგიერთ ადამიანს მემორიალთან მისვლისა და დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების საშუალებას არ აძლევდნენ. აქციის მონაწილეები მოქალაქეებს სხვადასხვა შეკითხვას უსვამდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ აძლევდნენ მემორიალთან მისვლის საშუალებას. სწორედ ამას მოჰყვა მორიგი დაპირისპირება. ადგილზე მისული მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ მემორიალი არავის საკუთრება არ არის და ნებისმიერ ადამიანს შეუფერხებლად უნდა ჰქონდეს მისვლის შესაძლებლობა.

ამასთან, 9 აპრილის მემორიალთან მორიგ სიტყვიერ დაპირისპირებას მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირებაც და ერთ-ერთ მოქალაქეს აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შემდეგ ადგილზე შსს-ს დამატებითი ძალები განთავსდნენ. მათ ტერიტორიიდან რამდენიმე პირი განარიდეს.

9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად დილიდან  იმყოფებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წევრები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.