კობა კობალაძემ ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო

კობალაძე

საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას, დღეს 82 წელი შეუსრულდებოდა.

ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, მოადგილეებთან, სამსახურის წარმომადგენლებთან, ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ დირექტორთან, ედუარდ ჯიშკარიანთან და ვეტერანებთან ერთად, ვაკის პანთეონში, ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.

„იგი იყო უაღრესად კეთილშობილი, უაღრესად შეყვარებული თავის სამშობლოზე და, ალბათ, სხვანაირი დასასრული, მისთვის, წარმოუდგენელი იყო იმ სიტუაციასა და იმ მოცემულობაში, რომელშიც ვიყავით. მინდა, მივუსამძიმრო მის ოჯახს, მთელ საქართველოს და უნდა გვახსოვდეს, რომ საქმე მისაყვანია ბოლომდე. უნდა ვიწამოთ, რომ ეს ქვეყანა უნდა იყოს ერთიანი და თავისუფალი, როცა გვყავს ასეთი სამაგალითო, თავდადებული ადამიანები“, - განაცხადა კობა კობალაძემ.

ეროვნული გმირის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, დღეს, მის საფლავზე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია და უმაღლესი საბჭოს წევრები.