დედამ ბათუმის საბავშვო ბაღში 4 წლის შვილის ჩაგვრას სათვალთვალო კამერით იტალიაში უყურა - რომელი უწყება არეგულირებს კერძო ბაღების საქმიანობას

ბაგა-ბაღი

დედა, რომელმაც ბათუმის საბავშვო ბაღში 4 წლის შვილის ჩაგვრას სათვალთვალო კამერით იტალიაში უყურა - ბათუმის ერთ-ერთი კერძო ბაგა-ბაღის, „მადაგასკარის“ სათვალთვალო კამერის მიერ 9 ივნისს, დაახლოებით 18:20 საათზე გადაღებულ კადრებში პატარებს შორის ფიზიკური ძალადობა კარგად ჩანს. კადრები სოციალურ ქსელში სწორედ იმ ბავშვის დედამ გაავრცელა, რომელიც ძალადობის მსხვერპლია.

კადრებში ჩანს, რომ ინციდენტის დროს ბავშვები ჯგუფში მარტო არიან. აღმზრდელი ირწმუნება, რომ ისინი მარტო მხოლოდ 1 წუთით დატოვა, რადგან ოჯახური პრობლემა ჰქონდა და ტელეფონზე სასაუბროდ გავიდა. მისი განმარტებით, ინციდენტი სწორედ ამ მომენტში მოხდა.

ბაღის დირექტორი ამბობს, რომ შესაბამისი ზომები მიიღეს, თუმცა, კონკრეტულად, რომელ სამსახურს მიმართეს რეაგირებისთვის, ვერ აკონკრეტებს. დირექტორი მშობლის - მარიამ გოგოტიძის ინფორმაციასაც უარყოფს, რომ მსგავსი ინციდენტები წარსულშიც მომხდარა.

ბათუმის ბაღების გაერთიანებაში ფაქტის შესახებ იცოდნენ, თუმცა განმარტეს, რომ კერძო ბაღები მათ დაქვემდებარებაში არ შედის და შესაბამისად, არც მისი კონტროლი ეხებათ.

4 წლის ბავშვის დედა, „კურიერთან“ ამბობს, რომ ბაღთან რაიმე სახის ხელშეკრულება გაფორმებული არ აქვს. შესაბამისად არც წინასწარ ყოფილა განხილვა, ვის რა ტიპის პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა, თუ უყურადღებოდ დარჩენილი პატარა რისკის წინაშე აღმოჩნდებოდა.

ოჯახი პასუხისმგებლობის საკითხის გარკვევას ითხოვს, თუმცა რომელმა უწყებამ უნდა გამოიკვლიოს კერძო დაწესებულებაში მომხდარი შემთხვევა, ჯერჯერობით ბუნდოვანია.