ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
"უკვე თვეებია, ბავშვები საათს მისჩერებიან, ამბობენ, დედა ამ დროს სამსახურიდან უნდა მოსულიყო... ახლა, უნდა მიდიოდეს... დღეს, სამორიგეოდ უნდა იყოს წასულიო..." - ასე იწყებს "პრაიმტაიმთან" საუბარს ვაქცინაციის დროს გარდაცვლილი 27 წლის მეგი ბაქრაძის დედა, ირმა ტეფნაძე.
ის შვილიშვილების უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ პატარა შვილები საათის ციფერბლატთან "ცხოვრობენ" და დედის სამსახურში წასვლის და მერე, უკან დაბრუნების დროს ითვლიან...
27 წლის მეგის მეუღლე, 7 წლის სალომე და 9 წლის საბა დარჩა. გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ ბავშვების ცხოვრებაში მამა აქტიურადაა ჩართული. ირმა ამბობს, რომ ის სამაგალითო მამაა. მოზარდებს ტრაგედიის დაძლევაში ბიძა და მისი შვილებიც ძალიან ეხმარებიან.
თავად ირმა ტეფნაძე ემიგრაციაში იყო, როცა შვილი დაეღუპა. ის მაშინ, დაბრუნდა, საქართველოში 2 თვე დარჩა და მერე ისევ ემიგრანტის ცხოვრებას იტალიაში დაუბრუნდა, ახლაც საზღვარგარეთ იმყოფება.
"იტალიაში ვიყავი, როცა ეს საზარელი ამბავი გავიგე, შვილი დავკარგე. რამდენადაც სწრაფად შეიძლებოდა ჩამოსვლა, ჩამოვედი. სახლში 2 თვე ვიყავი, მერე ისევ იტალიაში სამუშაოდ დავბრუნდი და ახლაც აქ ვარ.
ბავშვებს საოცარი მამა ჰყავთ, ის სამაგალითოა და ვისურვებდი, ყველა ბავშვს ასეთი მზრუნველი მამა ჰყავდეს. მე ჩემს სიძეს ვერ ვესაუბრები, ემოციურად არ ვარ მზად, არ შემიძლია... ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ ვესაუბრე, დაბადების დღე მივულოცე და მერე - აღდგომას.
ბავშვები საათს მისჩერებიან, რაც დედა დაკარგეს, უკვე თვეებია, ბავშვები საათს მისჩერებიან, ამბობენ, დედა ამ დროს სამსახურიდან უნდა მოსულიყო... ახლა, უნდა მიდიოდეს... დღეს, სამორიგეოდ უნდა იყოს წასულიო... ასე ცხოვრობენ, თუმცა ყველა ცდილობს ტრაგედია დააძლევინონ, ბიძამისს ბავშვები ჰყავს, ხან მათთან არიან ესენი, ხან ის ბავშვები მოდიან და ასე გადის დღეები.
მე ჩემს თავს არ დავეძებ.... ბავშვები მეცოდებიან, ღმერთმა მათ მისცეს ძალა, უდედობის სიმწარეს გაუმკლავდნენ..." - ამბობს ირმა ტეფნაძე.