ორი ასაკობრივი ზღვარის გადალახვის შემდეგ, ადამიანი საგრძნობლად სწრაფად ბერდება - ახალი კვლევა
1732214480
"მე არც დიდი მწიგნობარი ვარ და არც მჭევრმეტყველი, არც ენები ვიცი. პატრიოტი ვარ და შემართული ვყვები. ალბათ, ეს მოსწონთ“ - ამბობს "პრაიმტაიმთან" სვეტიცხოვლის გიდი, კოლორიტი ციცინო ზივზივაძე, რომელიც 8 ნოემბერს 69 წლის გახდა.
ციცინო ზივზივაძე: არ ვარ ახალგაზრდა, დავბერდი, ძველებური შემართება და ენთუზიაზმი აღარ მაქვს. ასაკი მაინც ასაკია. რა ყოჩაღად არ უნდა იყო, დროს მაინც ვერ შეაჩერებ. მაინც გეტყობა... თავს პომადით ვიახალგაზრდავებ. ასაკში აღარ მომწონს ჩემი თავი, არ ვვარგივარ და ტუჩსაცხს ვხმარობ. ვისვამ ვარდისფერ ან იასამნისფერ პომადას. მჩუქნიან ხოლმე, მეც ვისვამ... შლაპების კოლექცია მაქვს. მიყვარს ქუდები.
დაბადების დღეების გადახდა არ მიყვარს.
სამშობლო ყველაფერია. სამშობლოს სიყვარულმა მიმიყვანა 9 აპრილს მიტინგზე. მთავრობის სასახლესთან ვიდექი, როდესაც რუსული ტანკები თავს დაგვესხნენ. იქ ან მოვკვდებოდით, ან გადავრჩებოდით. წავედით თავგანწირვაზე. თავს ყველაზე უძვირფასესს ვწირავდი, ანუ სამშობლოს. პატრიარქმა დაშლისკენ მოგვიწოდა. ჩვენ არ შეგვშინებია. წინა ხაზზე ჩემს დასთან, დარეჯანთან ერთად ვიდექი. ის შეეწირა ცხრა აპრილს, მე ნიჩბით დავიჭერი. ნაკერები დამადეს. იარა დამრჩა, თხემის არეში თმა ფარავს...
სვეტიცხოველში არავინ რომ არ შედიოდა, იმ დროიდან ვესწრებოდი წირვა-ლოცვას. სამთავროს დედათა მონასტრიდან ოთხი მონაზონი ესწრებოდა წირვას და მე. საერო მონაზონს მეძახდნენ. კომკავშირელები მიშლიდნენ იქ სიარულს. დირექტორი მავიწროებდა ამის გამო. მაგრამ მე არ ვეპუებოდი, მაინც დავდიოდი...
ვიცნობდი მამა გაბრიელს. მის კელიაში რომ შეხვიდოდი, ქადაგებდა. იცოდა ძველი და ახალი აღთქმა და საოცრად ქადაგებდა. უკეთილშობილესი იყო. ჭეშმარიტი ბერი იყო. ყველაფერს გეტყოდა, რასაც იმ დროს ფიქრობდა... რასაც გეტყოდა, უნდა მიგეღო.
სასწაული: სასწაულია ის, რომ ცნობილი გავხდი. მე ჩემთვის, ჩუმად ვშრომობ, ვმუშაობ. წლებია მცხეთის ისტორიულ არქიტექტურულ მუზეუმში ვმუშაობდი. ბოლო წლებია დამოუკიდებელი გიდი ვარ. და ამ დროს ხალხმა გამხადა პოპულარული. მაქებენ, სხვადასხვა ეპითეტებით მამკობენ. ძალიან მრცხვენია. ეს წყალობაა თუ რისხვაა, ვერ გეტყვით. ცნობილი რომ გავხდი, ალბათ, უფრო სასწაულია. მე არც დიდი მწიგნობარი ვარ და არც მჭევრმეტყველი, არც ენები ვიცი, მაგრამ ღმერთის ნება იყო, რომ ხალხს გავეცანი... პატრიოტი ვარ და შემართული ვყვები ჩვენი ქვეყნის, სვეტიცხოვლის ისტორიას. ალბათ, ეს მოსწონთ. თორემ პოპულარობაზე რა გითხრათ, ამას რომ მეუბნებიან, სად წავიდე აღარ ვიცი.
მე პატრიოტი ვარ, ისტორიკოსი ვარ და ჩემი ქვეყნის ისტორიას ხომ არ გავაყალბებ?! ამიტომ რუსებს ყოველთვის ვეუბნები ვინც არიან. ოკუპანტები რომ არიან. მოსკოველი რუსი განათლებულია და მან ისტორიაც კარგად იცის და თავისი ქვეყნის ოკუპანტობაც, როგორ ანადგურებდა ქართულ კულტურას. ისინი მაქებენ კიდეც, ყოჩაღ, პატრიოტი ხარო! ასე რომ, მე სიმართლეს ვამბობ, მართალი ადამიანი კი სალ კლდეზე მაგარია.